„შემოვიდეს მცურავი ბაჟის საპირწონედ სარკისებური გადასახადი“ - რა ვალდებულებების აღებას აპირებენ წისქვილები

,,იმედი მაქვს რომ კვლევების და გაკვეთილების შედეგად რომელიც მივიღეთ ამოქმედდება სარკისებრი გადასახადი ფქვილის იმპორტზე“

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია მთავრობას წისქვილკომბინატების მუშაობის შესანარჩუნებლად გეგმას სთავაზობს.

როგორც რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, წისქვილების გაჩერებამ უფრო ნათლად აჩვენა, რომ გადამზღვევი მექანიზმი აუცილებელია.

„ჩვენი მექანიზმის ამუშავების შესახებ მოთხოვნა ისევ ძალაშია. თავისთავად კარგია, ბაზარზე არსებული სტაბილურობა, მაგრამ ეს არ არის თემა, რომელიც მიბმულია ჩვენი სექტორის ან ბაზრის მიერ მიღებულ რამე გადაწყვეტილებაზე. ეს არის მთლიანად ბაზრის კონიექტურის ცვლილების შედეგი. მსოფლიო ბაზარზე ხორბლის მომავალმა გამოიწვია ფასის კლება. სწორედ ამ ფაქტორებით და საქართველოში ხორბლის ნორმალური მოსავლით არის სიტუაციის ბალანსირება გამოწვეული.

ჩვენ ვფიქრობთ, წისქვილებს სჭირდებათ მექანიზმი, რომელიც დაარწმუნებს, რომ დღევანდელი სიტუაცია სტაბილურია და რისკების შემთხვევაშიც ექნებათ საშუალება კონკურენტულ გარემოში განაგრძონ ხორბლის იმპორტი.

მექანიზმი ასეთია - შემოვიდეს მცურავი ბაჟის საპირწონედ სარკისებური გადასახადი და წისქვილები აიღებენ ვალდებულებას, რომ შემდგომში ისინი ფქვილის ფასთან ერთად მაქსიმალურად დაიცავენ ბაზარს.

წისქვილების მოთხოვნაა მცურავი დამაბალანსებელი გადასახადის შემოღება ფქვილის იმპორტზე, რაც ფქვილსა და ხორბალს შორის დარღვეულ კონკურენციის პირობებს გაათანაბრებდა და წისქვილების ამუშავდება უზრუნველყოფს. ერთი წლის ჭრილში, თუნდაც ფასების ნაწილი რომ ავიღოთ, როგორი იქნებოდა ქვეყნისთვის წისქვილების მუშაობა პურის ფასის ნაწილშიც, შედეგი ცალსახაა. ვიცით, რომ ამ ანალიტიკას სოფლის მეურნეობის სამინისტროც აწარმოებს. შესაბამისად, დიდი იმედი მაქვს, რომ კვლევების და გაკვეთილების შედეგად, რომელიც მივიღეთ, ამოქმედდება სარკისებრი გადასახადი ფქვილის იმპორტზე", - აცხადებს სილაგავა „საქმეში“.

ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის საქართველოში ყველა დიდმა წისქვილმა მუშაობა უკვე განაახლა.

წისქვილების შეთავაზება კი ხელისუფლებისთვის ასე გამოიყურება: შემოღებულ იქნას ფქვილის იმპორტზე წინასაიმპორტო გადასახადი; განთავისუფლდეს წინასაიმპორტო გადასახადისაგან 7 000 ტონა პირველი ხარისხის იმპორტირებული ფქვილი იმ პირობით, თუ იგი პურის ქარხნების მიერ გამოყენებული იქნება ყოველდღიური მოხმარების ე.წ. სოციალური პურის გამოსაცხობად.

თამარ მუკბანიანი