პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი ბიზნესმენებს ხვდება.
შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლაა, რომლის მოსამზადებლად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სხვადასხვა სექტორთან შეხვედრები იმართება.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილემ არჩილ გაჩეჩილაძემ განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხება იმ საკითხს, თუ როგორ უნდა შეეწყოს ბიზნესს ხელი, რათა გაფართოვდეს და ინვესტიციები განხორციელდეს. გაჩეჩილაძის თქმით, აქედან გამომდინარე ნებისმიერი რეგულაციის მიღებისას უნდა მოხდეს გაანალიზება, თუ რა გავლენას იქონიებს ის ბიზნესზე, ხელს შეუწყობს თუ არა მას, ასევე საუბარი უნდა შეეხოს ზიანის შემცირებას. "ბევრი რამ ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული. ბიზნესის კეთილგანწყობა იმისთვის, რომ გაფართოვდეს და ინვესტიციები განახორციელოს, ერთ დღეში არ ხდება. ბიზნესმენმა უნდა შეიგრძნოს, რომ ამ კუთხით ხელისუფლების დამოკიდებულება დადებითია, რაც ბოლო ხანებში აშკარად ჩანს და კარგი ნიშანია", - განაცხადა გაჩეჩილაძემ და ასეთ დადებით იმპულსად დაასახელა გიორგი კვირიკაშვილის მიერ გამოთქმული ინიციატივა რეინვესტირების შემთხვევებში მოგების გადასახადის შემცირებასთან დაკავშირებით.
ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ თავის მხრივ აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლების კომუნიკაცია კერძო სექტორთან და ის, რომ პრეზიდენტს მიეწოდოს პირველადი ინფორმაცია თუ რა პრობლემების წინაშე დგას კერძო სექტორი. ზამბახიძის შეფასებით, ეს პრობლემები ძირითადად დაკავშირებულია ლარის კურსის გაუფასურებასთან. ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ხაზს უსვამს ხელსუფლებასა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაციის ნაკლებობას.