გიორგი აბაშიშვილი: მთავრობის სტრატეგიული ხედვა ეკონომიკაში უფრო ნათელი უნდა იყოს

ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მთავრობის სტრატეგიული ხედვა ეკონომიკაში უფრო ნათელი უნდა იყოს.

აბაშიშვილმა დღეს ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ისაუბრა იმ 9 თემაზე, რომლის წამოწევასაც საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოვეწლიური მიმართვისას გეგმავს. კერძოდ, ეკონომიკის მიმართულებით ეს თემები არის ეკონომიკის ინკლუზიური განვითარების აუცილებლობა, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, რეგიონის ეკონომიკური თანამშრომლობა, ლარის კურსის მერყეობა და ეკონომიკური ზრდის შენელება, კონკურენციის პოლიტიკა, მცირე და საშუალო ბიზნესის მცირე წილი ეკონომიკაში, ბიზნესგარემოს გაუარესების რისკის არსებობა, მთავრობის მხრიდან მეტი კომუნიკაციის საჭიროება ბიზნესთან, ეკონომიკური გუნდის მხრიდან სტრატეგიული ხედვის არსებობა ეკონომიკაში და შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება. აბაშიშვილმა ისაუბრა იმ პრობლემებზეც რომელიც ამ მიმართულებით არის ქვეყანაში.

"როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკის ინკლუზიურ განვითარებაზე, ცხადია, ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც მათ შორის მმართველი გუნდის მხრიდან თავიდანვე იყო გაცხადებული მიმართულება, ეს გულისხმობს ეკონომიკური ზრდის პროცესში მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას, დასაქმების უზრუნველყოფას, უთანასწორობის შემცირებას. რაც შეეხება ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობას ევროკავშირთან, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელმაც შესაძლოა საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის, ინვესტიციების მოზიდვისთვის კიდევ უფრო დიდი როლი შეასრულოს. რეგიონის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება საქართველოს როლიდან გამომდინარე, კასპიის და შავ ზღვას შორის როგორც ტვირთების გადაადგილების, ისე ენერგოპროდუქტების გადაადგილების მიმართულებით არის განსაკუთრებული. შესაბამისად, ამ კუთხით ვფიქრობთ, რომ მეტია სამუშაო, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმართულებითაც", - განაცხადა აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, ასევე პრეზიდენტის გამოსვლაში აქცენტები გაკეთდება ლარის კურსის მერყეობაზე და შესაბამისად, ეკონიმკური ზრდის პროგნოზის შემცირებაზე. "ცხადია, მნიშვნელოვანია კითხვა, რა არის მთავარი გამომწვევი მიზეზი და როგორ შეიძლება მომავალში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ტიპის მოვლენები", - განაცხადა აბაშიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა კონკურენციის პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, მაშინ, როდესაც მუდმივად არის საუბარი მონოპოლიებზე და ოლიგოპოლიებზე და სულ იყო საუბარი, რომ მოხდებოდა ცვლილება აღნიშნული მიმართულებით. "ჯერჯერობით ჩვენი დაკვირვებით საზოგადოების მხრიდან კვლავ ისმის კითხვები ამასთან დაკავშირებით და შესაბამისად ლოგიკურია დაისვას კითხვა კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესის წილს ქართულ ეკონომიკაში, ეს კვლავ მცირეა - 20%. ასევე იყო საუბარი მცირე და საშუალო ბიზნესის როლის გაზრდაზე, თუმცა ამ ეტაპისთვის ვხედავთ, რომ აღნიშნული მიმართულებით ჯერჯერობით მაინცდამაინც მნიშვნელოვანი ცვლილება არ არის", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ბიზნესგარემოს გაუარესების რისკზე და აღნიშნა, რომ გარკვეული ინიციატივები სანამ კანონპროექტამდე ან კანონამდე იქცევა, განხილული უნდა იქნას ბიზნესწრეებთან. "არის ცალკეული შემთხვევები, ცუდი სიგნალი ინვესტორებისთვის, სწორედ ამას ებმის შემდგომი საკითხი, რომელიც დაკავშირებულია მთავრობის მხრიდან მეტი კომუნიკაციის საჭიროებასთან ბიზნესთან. ჩვენი აზრით, ნებისმიერი ტიპის ინიციატივა, რომელიც ბიზნესს შეეხება, პირველ რიგში, მის კანონპროექტად ქცევამდე აუცილებელია განხილულ იქნას ბიზნესთან და სწორედ ამის შემდეგ იქნას მიღებული გადაწყვეტილებები. ჩვენ გვქონდა ქეისები იმის, რომ ჯერ მოხდა გარკვეული საკითხის კანონპროექტად ქცევა და მხოლოდ შემდეგ, ბიზნესის მხრიდან გარკვეულ რეაქციებს მოჰყვა რაღაც ცვლილება, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ ვფიქრობთ, უფრო მნიშვნელოვანია დასაწყისში იყოს კომუნიკაცია", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, სერიოზული საკითხია, რომ ნათელი იყოს მთავრობის ხედვა ეკონომიკაში და ამავე დროს პრობლემური ის საკითხი, რაზეც ხშირად არის საუბარი, ეს შეეხება გადაწყვეტილების მიღების პრობლემას. აბაშიშვილი დაინტერესდა ამასთან დაკავშირებით ბიზნესმენების აზრით. "მე მქონია შეხვედრები ცალკეულ ინვესტორებთან, რომლებიც სწორედ სვამენ კითხვას გადაწყვეტილებების მიღების ეფექტიანობასთან დაკავშირებით და იმ სტრუქტურების ნათელ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით თუ ვინ უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები და პასუხისმგებელი", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის მრჩევლისა და ბიზნესმენების შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ წუთებში მიმდინარეობს.