196 მლნ ლარზე მეტი მოგება ერთ წელში - რა შემოსავალი აქვს აზარტული თამაშების კომპანია „მარსს“

გასულ წელს, ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანიას შორის, 6 აზარტული თამაშების საქმიანობითაა დაკავებული. საქსტატის მიერ მოწოდებულ ინფორმაციის თანახმად, ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპანიებს შორისაა შპს „მარსიც“.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორი იყო 2021 წელი კომპანიისთვის. reportal.ge-ზე გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგებიდან ჩანს, რომ 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, „მარსს“ მოგებაც გაეზარდა და შემოსავალიც.

შარშან კომპანიამ 453,559 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო (2020 წელს 363,292 მლნ ლარი). „მარსის“ წმინდა მოგება კი 2021 წელს 196,133 მლნ ლარი იყო, ეს 19.07 მლნ ლარით მეტია წინა წელთან შედარებით. 2020 წელს კომპანიის წმინდა მოგებამ 177,063 მილიონი ლარი შეადგინა.

ამასთან, 2021 წლის საანგარიშო პერიოდში, კომპანიის ჯამური აქტივები 86,398 მილიონ ლარს შეადგენდა (2020 წელს 167,964 მილიონი ლარი).

ანგარიშგების მიხედვით, 2021 წელს კომპანიის შემოსავალი სეგმენტების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • შემოსავალი ონლაინ კაზინოს თამაშებიდან - 350,730 მილიონი ლარი (2020 წელს 270,597 მილიონი ლარი)
  • შემოსავალი ტოტალიზატორიდან - 80,300 მილიონი ლარი (2020 წელს კი 70,320 ლარი)
  • წმინდა შემოსავალი ონლაინ peer-to-peer თამაშებიდან - 9,388 მილიონი ლარი, (2020 წელს - 11,251 მილიონი ლარი)
  • სხვა შემოსავალი (კლიენტებთან გარიგების) - 13,141 მილიონი ლარი (2020 წელს კი 11,124 მილიონი ლარი).

ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2021 წელს “მარსის” სარეკლამო და მარკეტინგული ხარჯები 35,280 მილიონი ლარი იყო, ხოლო დასაქმებულებისთვის განკუთვნილი ანაზღაურება - 17,286 მლნ ლარი.

ცნობისთვის, შპს მარსის 100% შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ენთეინ ჯორჯიას ეკუთვნის. მმართველი ორგანო კი პარტნიორთა კრებაა. დირექტორთა საბჭო თავმჯდომარე გერმანიის მოქალაქე სტეფან იულიუს ჰეილმანია. წევრები, კობა გიგლემიანი და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეები ობდულიო ბაკარეზე და რობერტ გრანტ ჰოსკინი.

იხილეთ ასევე: საქართველოში აზარტული თამაშების მიზნით შემოსული ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა - PMCG

იხილეთ ასევე: სათამაშო ბიზნესი ბიუჯეტში მოსაკრებლის სახით ბრუნვის 0,2%-ს იხდის

ნინი ქეთელაური