ევროპულმა საბჭომ რუსეთს სანქციები ექვსი თვით გაუხანგრძლივა

ევროპულმა საბჭომ სანქციები ექვსი თვით გაახანგრძლივა იმ 150 ფიზიკური და 37 იურიდიული პირისთვის, რომელთა ქმედებებიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგაა მიმართული.

ამის შესახებ ევროპული საბჭოს ვებგვერდი იტყობინება. "შეზღუდვები 15 სექტემბრამდე გახანგრძლივდა. სანქციები 150 პირისა და 37 ორგანიზაციისათვის საბანკო ანგარიშების გაყინვას და სავიზო შეზღუდვებს მოიცავს", - წერია ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ კომუნიკეში.

ე.წ. შავ სიაში არაერთი რუსი მაღალჩინოსანი, პოლიტიკოსი და ბიზნესმენია შესული, შეზღუდვები მოქმედებს ასევე ანექსირებული ყირიმისა და ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ლიდერებზეც. თვის დასაწყისში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა აშშ-მაც.