სემეკის წევრი გიორგი ფანგანი „თვინინგ ლაითის“ მმართველი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა, გიორგი ფანგანმა ევროკავშირის დაფინანსებით სემეკში მიმდინარე თვინინგ ლაითის პროექტის მმართველი კომიტეტის სხდომა გახსნა.

სემეკ-ის ინფორმაციით, გიორგი ფანგანმა სიტყვით მიმართა სხდომის მონაწილეებს და დადებითად შეაფასა ევროკავშირის დახმარება სემეკ-ში დიგიტალიზაციის ხელშეწყობასა და სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით.

სემეკ-ის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ იტალიის ენერგეტიკული მომსახურების სამსახურისა (GSE) და საქართველოში ევროდელეგაციის წარმომადგენლები. მონაწილეებმა განიხილეს პროექტის მიმდინარეობა, ამ ეტაპზე განხორციელებული აქტივობები და მიღწეული შედეგები, ასევე პროექტის შემდგომი სამუშაო გეგმა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თვინინგ ლაითის პროექტის - „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მხარდაჭერა დიგიტალიზაციისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნისა და დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავების შესახებ“ ხანგრძლივობაა 8 თვე, ხოლო მისი ბიუჯეტი 250 000 ევროს შეადგენს. პროექტის განმახორციელებელია იტალიის ენერგეტიკული მომსახურების სამსახური (GSE). საქართველოს მხრიდან პროგრამას ხელმძღვანელობს სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი.