საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველო - ლიეტუვის ორმხრივი შერეული კომისიის სხდომა გაიმართა

თბილისში საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველო - ლიეტუვის მორიგი შერეული კომისიის სხდომა გაიმართა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს მხრიდან შერეული კომისიის სხდომას ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ლევან გამყრელიძე, ხოლო ლიეტუვის მხრიდან - ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტროს საგზაო და საჰაერო ტრანსპორტის პოლიტიკის ჯგუფის მთავარი მრჩეველი - დელეგაციის ხელმძღვანელი ტომას პილუკასი.

„შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ლიეტუვას შორის საავტომობილო მიმოსვლის სფეროში სატრანსპორტო-ლოგისტიკური, მათ შორის სატრანსპორტო სექტორის განვითარების, ტრანზიტული პოტენციალის და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის საკითხები. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოს მხარე მომავალი წლიდან ლიეტუვის მხარისგან მიიღებს სანებართვო დოკუმენტების გაზრდილ რაოდენობას, რაც საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველებს მისცემს საშუალებას, ეფექტურად დაგეგმონ და განახორციელონ სატრანსპორტო ოპერაციები ხსენებული ქვეყნის მიმართულებით.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის საავტომობილო გადაზიდვების კუთხით წარმოქმნილ მნიშვნელოვან პერსპექტივებზე და მათი რეალიზაციის მიზნით, დასახეს პრაქტიკული ღონისძიებები.

შეხვედრის დასასრულს, ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, როგორც სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარების კუთხით, ისე სატრანზიტო მიმოსვლის მიმართულებით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.