სახელმწიფო აუდიტის სამსახური „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე დასკვნას აქვეყნებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ,,საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტზე დასკვნას აქვეყნებს და მთავრობას რეკომენდაციებს სთავაზობს.

როგორც აუდიტის სამსახურის დასკვნაშია აღნიშნული, მსოფლიოში არსებული ინფლაციური პროცესებისა და მიმდინარე გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ფისკალური დისციპლინის მდგრადობა და ფისკალური პოლიტიკის პასუხების სწორად განსაზღვრა.

„2021 წელს დაწყებული დადებითი ეკონომიკური ტენდენციები მიმდინარე წელსაც გაგრძელდა და 2022 წლის პირველ 8 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 10.3% შეადგინა. მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის ფონზე 2022 წლის ბიუჯეტის კანონში განხორციელებული ცვლილებით ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.0%-დან 8.5%-მდე გაიზარდა. 2023 წლის რეალური მშპ-ს ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი კი 5.0%-ის დონეზეა განსაზღვრული. მსოფლიოში არსებული ინფლაციური პროცესებისა და მიმდინარე გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ფისკალური დისციპლინის მდგრადობა და ფისკალური პოლიტიკის პასუხების სწორად განსაზღვრა. აქედან გამომდინარე, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის შემდგომი განხილვის პროცესში, მიზანშეწონილია, გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შემდეგი რეკომენდაციები:

  • ბიუჯეტის კანონპროექტზე თანდართული „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების“ დოკუმენტში 2023 წლისთვის განსაზღვრული ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი 4.7%-ს შეადგენს და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებთან შედარებით ოპტიმისტურია;
  • „მაკროეკონომიკური სცენარების ანალიზის“ დოკუმენტში წარმოდგენილი ეკონომიკური შოკები და მათგან გამოწვეული ეფექტები უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის რაოდენობრივ ინდიკატორებს, რაც შესაძლებელს გახდის მათი რეალიზაციის მასშტაბისა და გავლენის შეფასებას/ანალიზს;
  • ასევე, მნიშვნელოვანია, ბიუჯეტის კანონპროექტს ახლდეს ინფორმაცია სხვადასხვა ეკონომიკური სცენარის რეალიზების შემთხვევაში ფისკალური პოლიტიკის შესაბამისი პასუხების შესახებ;
  • გარდა დოკუმენტში წარმოდგენილი რისკებისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ იდენტიფიცირებულია დამატებითი მაკროეკონომიკური რისკები. მიზანშეწონილია, ბიუჯეტის კანონპროექტის გადამუშავებულ ვერსიაში გადაიხედოს „მაკროეკონომიკური სცენარების ანალიზის“ დოკუმენტში ასახული რისკები;
  • ფისკალური რისკების კუთხით, საყურადღებოა, სახელმწიფოს საწარმოებიდან (SOE), ელექტროენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებული კონტრაქტებიდან და საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტებიდან (PPP) მომდინარე ფისკალური რისკები;
  • 2021 წელს სახელმწიფო საწარმოთა ჯამურმა მოგებამ (დაბეგვრამდე) 376 მლნ ლარი შეადგინა, რაც მთლიანად განპირობებულია ეროვნული ვალუტის გამყარების შედეგად გამოწვეული კურსთაშორის სხვაობიდან მიღებული მოგებით (515 მლნ ლარი). აღსანიშნავია, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში საწარმოთა ნაერთი ფინანსური შედეგი დადებითი მხოლოდ 2019 წელს იყო;
  • ამასთანავე, საყურადღებოა, რომ საოპერაციო საქმიანობაში ძირითადად უარყოფითი ფინანსური შედეგების პირობებში, სახელმწიფო საწარმოთა აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილის დაფინანსების წყაროს ვალდებულებები წარმოადგენს;
  • „ფისკალური რისკების ანალიზის“ დოკუმენტის წარმოდგენილ ვერსიაში არ არის მოცემული ინფორმაცია საწარმოების ფინანსური მაჩვენებლების სხვადასხვა ეგზოგენური ფაქტორების (შოკების) მიმართ სენსიტიურობის შესახებ;
  • ელექტროენერგიის შესყიდვის კონტრაქტებთან დაკავშირებით „ფისკალური რისკების ანალიზის“ დოკუმენტში წარმოდგენილი სხვადასხვა სცენარები და მათგან მომდინარე პოტენციური დანახარჯების ანალიზი საჭიროებს შემდგომ ხარისხობრივ გაუმჯობესებას;
  • საჯარო ფინანსების სტატისტიკის წარმოების მიზნებისათვის საქართველოს კანონმდებლობაში პირობითი ვალდებულებების ცნება განმარტებული არ არის. მიზანშეწონილია, ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს საკანონმდებლო დონეზე პირობითი ვალდებულებების განმარტება აღნიშნული მიზნობრიობით, მათი მოცულობის შეფასება და შესაბამის საბიუჯეტო დოკუმენტებში წარმოდგენა;
  • რაც შეეხება ფისკალურ წესებს, ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი 2.9%-ის დონეზეა პროგნოზირებული და 2023 წელს „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“
  • ორგანული კანონით დაწესებული 3.0%-იანი ლიმიტის ფარგლებში ბრუნდება;ორგანული კანონით განსაზღვრული 60%-იანი ლიმიტის ფარგლებშია პროგნოზირებული ვალის წესის მიზნებისთვის დათვლილი მაჩვენებელიც, რომელიც 39.4%-ს უტოლდება. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული მონაცემი არ მოიცავს სამთავრობო სექტორად დაკლასიფიცირებული სახელმწიფო საწარმოების ვალდებულებებს, რომლის ჩათვლით მაჩვენებელი 39.7%-მდე იზრდება;
  • კანონპროექტზე თანდართულ „ვალის მდგრადობის ანალიზში“ გამოყენებული მოდელი არ ითვალისწინებს სამთავრობო სექტორად დაკლასიფიცირებული სახელმწიფო საწარმოების ვალდებულებებს, PPP პროექტების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებსა და მოკლევადიანი ვალის კომპონენტს. გარდა ამისა, მიზანშეწონილია, ვალის მდგრადობის ანალიზის ჩასატარებლად ფინანსთა სამინისტრომ გამოიყენოს განახლებული მეთოდოლოგია;
  • რაც შეეხება მთავრობის ვალს, 2022 წელს მოსალოდნელზე მეტად გაუმჯობესებულმა ეკონომიკურმა ტენდენციებმა მნიშვნელოვნად დააჩქარა ფისკალური კონსოლიდაციის პროცესი. აღნიშნულის შედეგად, ვალის მართვის სტრატეგიით 2025 წლისთვის განსაზღვრული რიგი მიზნობრივი ნიშნულები მიმდინარე წელს იქნა მიღწეული, რის შედეგადაც სტრატეგიაში ასახულ საპროგნოზო და 2023 წლის ბიუჯეტის კანონპროექტით განსაზღვრულ მაჩვენებლებს შორის ფიქსირდება მნიშვნელოვანი განსხვავებები;
  • ბიუჯეტის კანონპროექტით წარმოდგენილი ვალის საპროგნოზო მაჩვენებლებისა და მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ტენდენციების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის დამტკიცებამდე განაახლოს ვალის მართვის სტრატეგია ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 26 სექტემბრის №328 ბრძანების შესაბამისად და უზრუნველყოს მასში წარმოდგენილი მიზნობრივი ნიშნულების ინტეგრირება საბიუჯეტო პროცესში;
  • საყურადღებოა, რომ ბოლო წლებში ცვლადი საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხების წილი მთავრობის საგარეო ვალში ზრდადი ტენდენციით ხასიათდება და 2022 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით 47%-ს შეადგენს (2018 წელს იყო 41%). ვალის პორტფელში აღნიშნული ტიპის სესხების მაღალი წილი, მონეტარული პოლიტიკის გლობალური გამკაცრების პირობებში, ვალის მომსახურების (პროცენტის) ხარჯის ზრდას იწვევს;
  • წარმოდგენილი პროგნოზებით, მთავრობის ვალის მომსახურების ხარჯი (პროცენტის ხარჯი) 2023 წელს მიმდინარე წელთან შედარებით 398 მლნ ლარით იზრდება. საპროცენტო ხარჯების მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელი მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება საშუალოვადიან პერიოდშიც;
  • აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ვალის მართვის სტრატეგიით განისაზღვროს ვალის მომსახურების ხარჯების შეფასების ინდიკატორ(ებ)ი, ზღვრული მაჩვენებლები აღნიშნულ ინდიკატორ(ებ)თან მიმართებით და სტრატეგიაში მოცემული მიზნობრივი მაჩვენებლების პოტენციური გავლენა ამ ინდიკატორ(ებ)ზე;
  • ბიუჯეტის კანონპროექტით განსაზღვრული ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების შემთხვევაში, შეინიშნება სხვაობა მიმდინარე წლის ათვისების ტენდენციასა და მომავალი წლის დაფინანსების მოცულობას შორის. ბიუჯეტის გადასახდელების დაგეგმვისას, სხვა მიზეზებთან ერთად, მიზანშეწონილია, შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციების მხრიდან გათვალისწინებულ იქნეს გასული და მიმდინარე წლების შესრულების ტენდენციები;
  • განმახორციელებელმა უწყებებმა ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზევე უნდა გაითვალისწინონ საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების განხორციელების/მიმდინარეობის წინარე გამოცდილება და აღნიშნულზე დაყრდნობით განსაზღვრონ მომდევნო წლისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მოცულობა;
  • მიუხედავად პროგრესისა, პროგრამული ბიუჯეტი ჯერ კიდევ არ წარმოადგენს ბიუჯეტის კანონის ნაწილს და სისტემური ხარვეზებით ხასიათდება. მიზანშეწონილია, გაგრძელდეს მუშაობა პროგრამების მოსალოდნელი შედეგებისა და შეფასების ინდიკატორების შემდგომ სრულყოფასა და გაუმჯობესებაზე“, - ნათქვამია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, 2023 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტთან ერთად წარმოდგენილია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი, რომელიც ასახავს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებს. კერძოდ, ცვლილებები ეხება სახელმწიფო საწარმოთა სექტორიზაციის შედეგად სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების ერთიან ბიუჯეტში ასახვასა და მათ ხაზინის ერთიან ანგარიშთა სისტემაში მოქცევას.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განიხილა ინიცირებული ცვლილების პროექტი. სამსახურის შეფასებით, კანონპროექტის დამტკიცებამდე მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხების გათვალისწინება:

  • წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით ცხადად უნდა იქნეს განმარტებული თუ რა ფორმით მოხდება სახელმწიფო საწარმოების ფინანსური მაჩვენებლების გათვალისწინება „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ფისკალური წესების გაანგარიშებაში;
  • საბიუჯეტო კოდექსში შესატანი ცვლილებების მასშტაბისა და მათი გავლენის უკეთ შეფასებისთვის, მნიშვნელოვანია, კანონპროექტის განმარტებითი ბარათი მოიცავდეს უფრო დეტალურ სტატისტიკურ ინფორმაციას სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების ფინანსური მაჩვენებლებისა და ძირითად ფისკალურ პარამეტრებზე (მაგ. ბიუჯეტის დეფიციტი, ვალის წესის მაჩვენებელი) მათი პოტენციური გავლენის შესახებ.

ზემოაღნიშნული საკითხების გათვალისწინება მნიშვნელოვანია საწარმოთა სექტორიზაციის რეფორმის წარმატებით გაგრძელებისა და საბიუჯეტო პროცესსა და საჯარო ფინანსების სტატისტიკაში სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, გარდა დასკვნაში მოცემული შენიშვნებისა, „2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი სათანადოდ არის მომზადებული არსებული დაშვებების საფუძველზე, შესაძლებელია შეფასდეს საფუძვლიანად და კანონიერად მოქმედი ნორმატიული ბაზის გათვალისწინებით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.