ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტს შემოსავლებისა და ხარჯების ტენდენციის გათვალისწინებით წარადგენს

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტს შემოსავლებისა და ხარჯების ტენდენციის გათვალისწინებით წარადგენს, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე თემის კომენტირებისას განაცხადა.

"ველოდებით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება შემოსავლები და ხარჯების ტენდენცია. ამის კვალობაზე წარვადგენთ ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა. რაც შეეხება დანაზოგის რაოდენობას, მინისტრის თქმით, ჯერჯერობით ამაზე საუბარი რთულია, რადგან საკითხი ყველა სამინისტროსა და მხარჯავი დაწესებულების მიხედვით უნდა გაიარონ.

"ბიუჯეტი საკმაოდ სქელი დოკუმენტია და ცხადია, ძალიან რთულია გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ვმუშაობ ჩემს კოლეგებთან ერთად", - დასძინა ნოდარ ხადურმა.