რუსეთი ხორბალზე საექსპორტო გადასახადს 1,5-ჯერ ზრდის

ხვალიდან, 19 ოქტომბრიდან რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხორბალზე საექსპორტო გადასახადს, შემცირებების სერიის შემდეგ, ერთბაშად, 1,5-ჯერ ზრდის. „ინტერფაქსის“ ცნობით, თუ 12-დან 18 ოქტომბრის ჩათვლით, წინა კვირასთან შედარებით, 9,1%-ით ნაკლები გადასახადი მოქმედებდა, ხვალიდან ის 52,3%-ით, ანუ ერთნახევარჯერ იზრდება.

საექსპორტო გადასახადი ტონა ხორბალზე მიმდინარე 1,926.8-დან 2, 934.30 რუბლამდე (31-დან 48 დოლარამდე) იზრდება. ამასთან, ტონა ქერზე გადასახადი 52%-ით, 2,479.90 რუბლამდე (40 დოლარამდე) მოიმატებს, ხოლო სიმინდზე პირიქით, 22,6%-ით, 2,410.1 რუბლამდე (39 დოლარამდე) შემცირდება.

გადასახადები საორიენტაციო ფასების მიხედვით გამოითვალა, რამაც ტონა ხორბალზე წინა კვირის 307,7 დოლარის ნაცვლად, 308,3 დოლარი, ქერზე კი 280,9-ის ნაცვლად, 279,8 დოლარი შეადგინა. ტონა სიმინდზე 317,6 დოლარიდან ფასმა 278,2 დოლარამდე დაიწია.

6 ივლისიდან რუსეთში მარცვლეულის გადასახადი დოლარის ნაცვლად, რუბლებში გამოითვლება. 30 ივნისს მთავრობამ მიიღო დადგენილება გადასახადების რუბლებში გამოთვლის შესახებ. ხორბლის საექსპორტო გადასახადის გამოსათვლელად საბაზისო ფასი ტონაზე 15 ათასი რუბლით (250 დოლარით), ქერსა და სიმინდზე კი 13,875 ათასი რუბლით (230 დოლარით) განისაზღვრა. საექსპორტო გადასახადი საბაზისო და საორიენტაციო ფასებს შორის სხვაობის 70%-ს წარმოადგენს.

2 ივნისიდან რუსეთის ფედერაციამ მარცვლეულის დემპფერის მექანიზმი შემოიღო, რომელიც ხორბლის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე მცურავ გადასახადებს, ხოლო მათგან მიღებული სახსრების სოფლის მეურნეობის მწარმოებლების სუბსიდირებისთვის ჩაბრუნებას ითვალისწინებს. გადასახადების ოდენობა ყოველკვირეულად ფასების ინდიკატორებით გამოითვლება, რაც მოსკოვის ბირჟაზე რეგისტრირებულ საექსპორტო კონტრაქტების ფასებს ეფუძნება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ