„ვიღაც შპს-ებზე და მათ ვიღაც ექსპერტებზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული - სატენდერო დოკუმენტების შედგენისას მუნიციპალიტეტს უფრო მაღალი სტანდარტი  უნდა ჰქონდეს“

„სკვერების სარეაბილიტაციო სამუშაოები გათავისუფლებულია სანებართვო კონტროლისგან - მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს უფრო მაღალი სტანდარტი სატენდერო დოკუმენტების შედგენისას,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სამშენებლო სამართლის სპეციალისტმა უჩა ზაქაშვილმა ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.

„იმ ტიპის სამუშაოები, რომელსაც მიეკუთვნება ლადშაფტური მშენებლობა, სადაც შედის სკვერების, მათ შორის ვაკის პარკის სკვერის ტიპის განაშენიანება, თავად თბილისის მერიას გათავისუფლებული აქვს სანებართვო კონტროლისგან.

საუბარია, 2020 წლის საკრებულოს დადგენილებაზე, რომლის თანახმადაც ნებართვის გამცემი ორგანო, მუნიციპალური ინსპექცია, როგორც ობიექტის ექსპლუატაციაში მიმღები ორგანო, არ მონაწილეობენ პროცესში და ამ სფეროების კონტროლი გადასულია ქვეკონტრაქტორების ხელში.

სწორედ აქ ვხედავ მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობას, რადგან თუ დაქვემდებარებულ სამსახურებს მსგავსი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებ, მაშინ რაიმე სხვა მექანიზმი უნდა შესთავაზო. მუნიციპალიტეტს უფრო მაღალი სტანდარტი უნდა ჰქონდეს თუნდაც სატენდერო დოკუმენტების შედგენისას.

მსგავსი რეგულაციები აჩვენებს მიდგომას, რომ გარკვეული საკითხების მიმართ არ არის სერიოზული დამოკიდებულება. საზოგადოებრივ ობიექტებზე საუბრისას, ნებისმიერი კომპონენტის უსაფრთხოება არის პრიორიტეტული, თუმცა სხვა რამეს გვიმტკიცებს ის რეგულაციები, რასაც თავად ქალაქი ამტკიცებს.

ვფიქრობ, ყველა ობიექტი სადაც საზოგადოებრივი ინტერესი და საჭიროებაა, სხვა სიმაღლეზე უნდა იყოს განხილული. ვიღაც შპს-ებზე და მათ ვიღაც ექსპერტებზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული, რადგან ფაქტია, ასეთი მიდგომა არ ამართლებს,“- განაცხადა ზაქაშვილმა.

თაია არდოტელი