კონკურენციის სააგენტო ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევის შედეგებს კვლავ არ ასაჯაროებს

”ინფორმაციის მოწოდების ნაწილში ცალკეული ეკონომიკური აგენტების მხრიდან შეფერხებებია”

კონკურენციის სააგენტო ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევას განაგრძობს. გიორგი ბარაბაძე bpn.ge-ს მიერ დასმულ შეკითხვებს წერილობით პასუხობს და აღნიშნავს, რომ კონკურენციის სააგენტო, ნავთობპროდუქტების (ბენზინი, დიზელი, ნავთი) ბაზრის კვლევის ფარგლებში შესაბამისი სასაქონლო ბაზრის იდენტიფიცირებას ახდენს და ბაზრის პროდუქტიულ და გეოგრაფიულ საზღვრებს ადგენს.

როგორც კონკურენციის სააგენტოს წერილშია ნათქვამი, კვლევის ფარგლებში ისინი განსაზღვრავენ შესაბამისი სასაქონლო ბაზრის დროით ჩარჩოს და დაკვირვების პერიოდს. ასევე ბაზრის მოცულობას, ბაზრის მოქმედ ეკონომიკურ აგენტებს, ბაზრის სტრუქტურას, ფასების დონეს და დინამიკას. გარდა ამისა, არკვევენ საქონლის მიწოდების ფასების დანახარჯებს როგორც საცალო, ისე საბითუმო დონეზე, რათა მოხდეს შედარება იმ ეკონომიკური აგენტების ქცევასთან, რომლებიც იმპორტირებული საქონლის საცალო რეალიზაციას ახდენენ.

ბარაბაძის ინფორმაციით, უნდა განისაზღვროს ბაზრის ტექნიკური, ფინანსური და ინსტიტუციონალური ბარიერები. უნდა მოხდეს ეკონომიკური აგენტების საბაზრო ძალის დადგენა და კონკურენციის დაცვისა და ანტიკონკურენციული ქმედების შეფასება შესაბამის ბაზარზე. ”კონკურენციის სააგენტო, მოკვლევის ამ ეტაპზე კონკრეტულ ინფორმაციას, მოკვლევის სავარაუდო შედეგებთან დაკავშირებით, არ ამჟღავნებს, რათა არ დაზიანდეს მოკვლევის ინტერესები და უარყოფითად არ აისახოს მის საბოლოო შედეგზე. თუმცა, ყველა შედეგს შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. თუ მოკვლეულ ბაზარზე ადგილი ექნება დემპინგური ან მონოპოლიურად მაღალი (ან დაბალი) ფასების გამოყენებას, რასაც სერიოზული დასაბუთება სჭირდება, ასევე, კონკურენციის შემზღუდავ შერწყმებს, შეთანხმებებს (კარტელებს), დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას და ა.შ. სწორედ მსგავსი უკანონო ქმედებები უნდა აღიკვეთოს კონკურენციის სააგენტოს მიერ”, -აღნიშნავს გიორგი ბარაბაძე.

რაც შეეხება ნავთობკომპანიებთან თანამშრომლობის საკითხს, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ინფორმაციით, ეს კანონმდებლობის ფარგლებში, ინტენსიურად მიმდინარეობს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ეკონომიკური აგენტის მხრიდან შეფერხებებია: ”უნდა ითქვას ისიც, რომ არის ცალკეული ეკონომიკური აგენტების მხრიდან გარკვეული შეფერხებები ინფორმაციის მოწოდების ნაწილში, რომლის მოგვარების მიზნით, სააგენტოს შესაბამის სუბიექტებთან პირდაპირი კომუნიკაცია აქვს”, -აღნიშნავს გიორგი ბარაბაძე.

კონკურენციის სააგენტომ ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევა საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, 2014 წლის ნოემბრიდან საკუთარი ინიციატივით დაიწყო და სისტემატურად აგრძელებს ამ საკითხზე მუშაობას.