ხუდონჰესის მშენებლობა, სავარაუდოდ, 2 წლით გადაიდება

”მწვანე ალტერნატივა” მთავრობას მოუწოდებს, ამ კომპანიასთან ხელშეკრულება გააუქმოს

ხუდონჰესის მშენებლობის საკითხი ისევ გაურკვეველია. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ამბობს, რომ სამშენებლო სამუშაოების დაწყებაზე საუბარი ნაადრევია. გარემოს დაცვის არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფოს კომპანიასთან ხელშეკრულების გაუქმებას სთხოვს და აღნიშნავს, რომ ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ ”ტრანს ელექტრიკას” არც ოფისი გააჩნია და არც საქმიანობის წარმოებისთვის აუცილებელი ლიცენზია.

ახალი ვადის მიხედვით, ხუდონჰესის მშენებლობა წლის ბოლოს უნდა დაიწყოს. მანამდე ინვესტორმა მთავრობის მოთხოვნით უნდა მოასწროს ოფშორიდან გამოსვლა, მოსახლეობის განსახლების გეგმის წარმოდგენა, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის საბოლოოდ მომზადება, მშენებლობის ნებართვის მიღება და ა.შ.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი ირწმუნება, რომ ხუდონჰესის მშენებლობა წლის ბოლოს აუცილებლად დაიწყება. მისგან განსხვავებით, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ ელექტროსადგურის მშენებლობაზე საუბარი ნაადრევია. ”სამუშაოების დაწყებაზე საუბარი ნაადრევია, რადგან იქ ადგილობრივ მოსახლეობასთან პრობლემა არსებობს”,-აღნიშნა კახა კალაძემ ენერგეტიკაში მრავალმინილიონიანი ინვესტიციის მოზიდვის თემის კომენტირებისას.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მინისტრის ამგვარი პათოსის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ჰესის მშენებლობა არც წელს დაიწყება. მომდევნო 2016 საარჩევნო წელია და ამიტომ მთავრობისთვის სვანეთის მოსახლეობასთან დაპირისპირება არამომგებიანი იქნება. აქედან გამომდინარე, ხუდონჰესის მშენებლობა კიდევ 2 წლით გადაიდება.

”ტრანს ელექტრიკაში” კი აცხადებენ, რომ კომპანია ყველა მიმართულებით აქტიურად მუშაობს. კერძოდ, კომპანიიის ტექნიკური ხელმძღვანელის დავით მირცხულავას ინფორმაციით, ინვესტორი კომპანია იურისდიქციას იცვლის და ოფშორულ ზონას ტოვებს. ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

”ჩამოსულნი იყვნენ ინვესტორები. შეხვდნენ ქვეყნის ვიცე-პრემიერსა და ენერგეტიკის მინისტრს, ფაქტობრივად, მოხდა შეთანხმება. იქ ერთ-ერთი პუნქტია, რომ კომპანია ოფშორიდან გამოვა და დარეგისტრირდება.  ენერგეტიკაში ინვესტიციის მოსურნე ყველა კომპანია უნდა გამოვიდეს ოფშორიდან. ჩვენ ეს უკვე განვაცხადეთ. მემორანდუმში გაწერილია პირობები და გადავა რომელიმე ევროპულ იურისდიქციაში, სადაც ორმაგ დაბეგვრას თავიდან ავიცილებთ”,-განაცხადა მირცხულავამ.

”ტრანს ელექტრიკამ” 2015 წლის იანვარში მესტიის რაიონის ბიუჯეტში საპროექტო მიწის გადასახადის სახით 2,5 მილიონ ლარამდე გადაიხადა. გარდა ამისა, მიღწეულია შეთანხმება, რომ ხუდონჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 15 წლის განმავლობაში საქართველოს ენერგოსისტემაში დარჩება.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივას” ”ტრანს ელექტრიკას” ხელმძღვანელების დაპირებების არ სჯერა. მათი ხელმძღვანელები მთავრობას მოუწოდებენ, რომ ამ კომპანიასთან ხელშეკრულება გააუქმოს. ამისთვის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ხუდონჰესის პროექტის განხორციელება დაკავშირებულია მნიშვნელოვან სოციალურ, გარემოსდაცვით და ეკონომიკური ხასიათის რისკთან. გარდა ამისა, პროექტის განსახორციელებლად დადებული ხელშეკრულებით, მთავრობას აღებული აქვს მნიშვნელოვანი ვალდებულება და რისკი ( მათ შორის, ფინანსური), რაც არ არის სათანადოდ უზრუნველყოფილი ადეკვატური გარანტიებით. შესაბამისად, შეთანხმების პირობებიდან გამომდინარე, საქართველო პირდაპირ ეკონომიკურ სარგებელს არ მიიღებს.

ზემოაღნიშნული ფაქტორების გარდა, ”მწვანე ალტერნტივას” მიაჩნია, რომ არსებობს ხელშეკრულების გაუქმების მყარი საფუძველი, ვინაიდან პროექტის ინვესტორმა კომპანიამ არაერთხელ დაარღვია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები: კომპანიამ ვერ მოიპოვა პროექტის განსახორციელებლად მშენებლობის ნებართვა, ვერ ჩაატარა საჯარო კონსულტაციები, ჯერ კიდევ ვერ წარმოადგინა განსახლების გეგმა.

”მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი ირწმუნება, რომ ”ტრანს ელექტრონიკა” არ ფლობს საქმიანობისთვის აუცილებელ ლიცენზიას.  ”ჩვენ დავუკავშირდით ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ფინანსური მომსახურების კომისიას, რომელმაც განმარტა, რომ მართალია, კომპანია ”ტრანს ელექტრიკა ლიმითედი” რეგისტრირებულია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, მაგრამ მას არ გააჩნია ოფისი ადგილზე და არ ფლობს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ფინანსური მომსახურების ლიცენზიას. ამ ლიცენზიის ფლობა კი აუცილებელი წინაპირობაა ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიების მიერ საქმიანობის (საინვესტიციო, სადაზღვევო, საბანკო) წარმოებისთვის, როგორც თავად კუნძულების იურისდიქციაში მყოფ ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ”, - განმარტავს ჭიპაშვილი.

აქედან გამომდინარე, ”მწვანე ალტერნატივა” საქართველოს მთავრობას კომპანიასთან ხელშეკრულების გაუქმებას სთხოვს, ხოლო ევროკომისიას მოუწოდებს, ევროპარლამენტის 2014 წლის 18 დეკემბერის რეზოლუციის შესაბამისად, საფუძვლიანი მონიტორინგი გაუწიოს ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულების დადების პროცესს.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”