„მაგთიკომის“ საჩივარი შპს „მობიტელის“ წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მაგთიკომის“ საჩივარი შპს „მობიტელის“, იგივე „ბილაინის“ წინააღმდეგ არასათანადო რეკლამის დაკვეთის თაობაზე არ დააკმაყოფილა.

შპს „მაგთიკომი“ მიიჩნევს, რომ შპს „მობიტელის“, იგივე „ბილაინის“ 4G მომსახურების სარეკლამო რგოლი არასათანადოა და აზიანებს კონკურენტ კომპანიას. „მაგთიკომი“ ითხოვდა, რომ კომისიას განეხილა აღნიშნული საკითხი და შესაბამისი რეაგირება მოეხდინა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე კომისიამ იმსჯელა შპს „მობიტელის“, იგივე „ბილაინის“ 4G მომსახურების სარეკლამო რგოლის თაობაზე, მოისმინა როგორც კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების და სამართლებრივი დეპარტამენტების, ასევე კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის დასკვნები და დაპირისპირებული მობილური ოპერატორების პოზიციები.

საკითხის არსებითი განხილვის შემდეგ კომისიამ მიიჩნია, რომ საქართველოს კანონმდებლობით არასათანადო რეკლამის დამკვეთისთვის სანქციის დაკისრების შესაბამისი უფლებამოსილების არქონის გამო, კომისია შპს „მობიტელის“, იგივე „ბილაინის“ წინააღმდეგ სანქციას ვერ გამოიყენებდა, რის გამოც არ დაკმაყოფილდა შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა.