საქართველოს სავაჭრო პალატამ ჩეხეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნეს ფორუმში - „გეოეკონომიკური გამოწვევები და შესაძლებლობები“ მიიღო მონაწილეობა

საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ, პრაღაში მიმდინარე ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ სესიაზე - „Investment screening” ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე და ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.

სავაჭრო პალატის ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში განიხილეს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის.

ასევე, იმსჯელეს პარტნიორობისა და ეკონომიკური ინტეგრაციის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობაზე.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნეს ფორუმზე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა, იოზეფ სიკელამ.

ფორუმს ესწრებოდნენ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები, ბიზნეს წრეები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ფინანსური ინსტიტუტები.