რა კონტრაბანდული ხერხებით ყიდიან რუსები უკრაინიდან მოპარულ მარცვლეულს

რამდენიმე თვეა, პატარა რუსული სატვირთო გემი, Amur 2501 საეჭვო მარშრუტით მოძრაობს შავ ზღვაში.

გემი აგროვებს ხორბალს არა მხოლოდ რუსული აზოვის პორტიდან, არამედ სანქცირებული ყირიმიდან, სევასტოპოლის ნავსადგურიდანაც. უკრაინული მხარის თანახმად, კრემლის ჯარისკაცები სწორედ ამ ნავსადგურიდან იპარავენ საქონელს.

მოგზაურობისას Amur 2501-ის რამდენიმე ადგილას უჩინარდება და მისი ადგილმდებარეობის გარკვევა შეუძლებელი ხდება, შემდეგ კი ჩნდება რუსული კავკაზის პორტის მისადგომებთან, სადაც ის მონაწილეობას იღებს მრავალი გემისგან შემდგარ გადაზიდვებში. Amur 2501-დან ტვირთის მიღების შემდეგ ეს ხომალდები მიემართებიან იმგვარი ქვეყნებისკენ, როგორებიცაა ლიბია და ირანი.

საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი მოპოვებული სატელიტური სურათებიდან, რომლებიც გემების ტრაექტორიას ასახავს, ასკვნის, რომ რუსი ექსპორტიორების საქონლით უკანონო ვაჭრობის შუაგულში სწორედ Amur 2501-ია.

ექსპორტიორები ერთმანეთში ურევენ სხვადასხვა პორტიდან და გემიდან მიღებულ ხორბალს თუ ქერს, რათა დამალონ მათი წარმოშობა და ასე მიჰყიდონ დიდი ოდენობით მარცვლეული იმ ქვეყნებს, რომლებსაც ახლა ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

960x-1-1666176541.jpg

Amur 2501 ბოსფორის სრუტეში, თურქეთი, 2013.

პუტინის ომმა ეჭვის ქვეშ დააყენა შავი ზღვით მარცვლეულის ექსპორტი, მოსალოდნელია, რომ მოთხოვნა და ფასები კვლავ მაღალ ნიშნულზე დარჩება, რაც უკანონო ვაჭრობას კიდევ უფრო ზრდის. რუსეთის თანახმად, სექტემბერში უკრაინის 4 ტერიტორიის ანექსიის შედეგად დამატებით 5 მილიონ ტონა ხორბლის მოსავალს მიიღებენ, რაც ასევე ხელს აძლევს ექსპორტიორებს უფრო ღიად გადაზიდონ საქონელი სევასტოპოლიდან.

ომამდე რუსეთსა და უკრაინაზე ხორბლის ექსპორტის მეოთხედი მოდიოდა, ომის საწყის ეტაპზე უკრაინის პორტები ჩაიკეტა, ივლისში უსაფრთხო კორიდორის შექმნის შემდეგ კი ქვეყნიდან ექსპორტი განახლდა, თუმცა წინა წელთან შედარებით მაინც 36%-ით ნაკლებია. კონფლიქტის გამძაფრება ზრდის საფრთხეს, რომ ერთ თვეში, ვადის გავლის შემდეგ შეთანხმება არ განახლდება.

კიევის ეკონომიკური სკოლის გამოთვლებით, წინა სეზონის მოსავლიდან რუსეთმა 1.9 მილიარდი დოლარის და 4.04 მილიონი ტონა უკრაინული მარცვლეული და ზეთოვანი მცენარეები მოიპარა ან გაანადგურა. რუსული სატვირთო გემებით გადაზიდვები პირდაპირ ყირიმიდან ხორციელდებოდა, თუმცა მათი გაყიდვა ყოველთვის ვერ შეძლეს, მაგალითად, ეგვიპტემ დოკუმენტების გარეშე ტვირთის მიღებაზე უარი თქვა.

ხორბლის წარმოება უკრაინის რეგიონების მიხედვით (2014-2020 წლების საშუალო):

312124021-1381269418944338-7098795419073036506-n-1666176572.png

უკანონო ტექნიკები, რომლებსაც მარცვლეულის გადამზიდავები იყენებენ, თავდაპირველად, რუსეთთან, ირანთან და ვენესუელასთან დაკავშირებულმა ნავთობის ექსპორტიორებმა გამოიყენეს სანქციებისთვის გვერდის ასავლელად.

მართალია, დაზუსტებით იმის თქმა, რომ Amur 2501-ის მსგავს გემებს უკრაინიდან მოპარული მარცვლეული გადააქვთ, რთულია, თუმცა ციფრები არ ტყუიან - შვეიცარიული კვლევითი ორგანიზაციის AgFlow-ს თანახმად, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმიდან წელს, მარტის შემდეგ სურსათის ექსპორტი 10-ჯერ გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

Amur 2501 ეკუთვნის Red Shipping LLC-ს, რომლის სათავო ოფისიც რუსეთის სამარას რეგიონშია და მისი მფლობელები ვ. და ი. ჩერნიკოვები არიან, რომელთა თანახმადაც, სატელიტური სურათები, რომლებშიც ჩანს, რომ გემი აზოვის პორტიდან კავკაზისკენ გადაადგილდება, ფოტოშოპითაა დამუშავებული.

720x-1-1666176611.jpg

ფოტოზე ჩანს, თუ როგორ მონაწილეობს Amur 2501 კიდევ ორ გემთან ერთად რუსული პორტიდან მიღებული მარცვლეულის გადაზიდვაში.

სანქციები არ კრძალავს სურსათით ვაჭრობას რუსეთიდან, რომელიც უარყოფს მარცვლეულის მოპარვის ბრალდებებს, თუმცა ქვეყანამ ოფიციალურად განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაზიდვების განახლების შესახებ, ახლა კი ამ რეგიონებში მოსავლის აღებაზეც ღიად საუბრობს. უკრაინამ იმპორტიორებს მიმართა, ჩამოართვან რუსებს მოპარული საქონელი და დაეხმარონ მოპარული მარცვლეულის აღრიცხვაში.

Amur 2501 მაისიდან აგვისტოს ჩათვლით, სულ მცირე, 3-ჯერ გავიდა ყირიმის პორტიდან. აგვისტო-სექტემბრის შუალედში კი გემი ოთხ შემთხვევაში კავკაზიდან სევასტოპოლის მიმართულებით მოძრაობდა, თუმცა ამ მოგზაურობის განმავლობაში მისი ტრაექტორია არ ჩანს.

გემების ადგილმდებარეობის გარკვევა, როგორც წესი, AIS სიგნალების მეშვეობითაა შესაძლებელი და კანონითაა სავალდებულო, რომ უსაფრთხოების მიზნით ყოველთვის ჩართული იყოს.

აშშ-ს სანქციების სააგენტოს თანახმად, AIS-ით ნებისმიერ მანიპულაცია გამოკვლეული უნდა იქნას კონტრაქტების დადებამდე, სერვისების გაგრძელებამდე ან სხვა ამგვარ აქტივობებამდე.

შავ ზღვაში მსგავსი შემთხვევები და ე.წ. „შავი აქტივობები“ წელს 160%-ითაა გაზრდილი და მათი შეჩერების ნიშნები, ჯერჯერობით, არ ჩანს. კონფლიქტის გაყინვის შემთხვევაში კი შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს და რუსეთის მიერ მოპარული მარცვლეულის გაყიდვის ტემპიც აჩქარდეს.

წყარო: Bloomberg

კახი ჩაკვეტაძე