ჭიათურაში საბაგიროების სრული რეაბილიტაცია განხორციელდება

ჭიათურაში, მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს საბაგიროების სრული რეაბილიტაცია დაიწყება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით,  სამინისტრო ჭიათურაში საბაგიროების სრულ რეაბილიტაციას საფრანგეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. სამინისტროს ინფორმაციით, ფრანგული კომპანიების "პომაგალსკისა" და "სისტრას" ტექნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის თანამშრომლებთან ერთად ჭიათურაში იმყოფებოდნენ, რომლებიც ტრანსპორტირების კვლევას ახორციელებენ. აღნიშნული კვლევის შედეგად საბაგიროს მარშრუტები და ტიპები განისაზღვრება.

სამინისტროს განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჭიათურის საბაგირო გზის 4 მონაკვეთს ჩაუტარდება, რომლის ჯამური სიგრძე 2.5 კილომეტრს (2480 მეტრს) შეადგენს. რეაბილიტირებული საბაგირო გზები ქალაქის ცენტრს გარეუბნებთან დააკავშირებს. "ბაგირგზები თანამედროვე სტანდარტების ტექნიკით აღიჭურვება, რომელიც ქსელის უსაფრთხოდ მუშაობას უზრუნველყოფს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭიათურაში საბაგიროების მოსაწყობად თანამედროვე აღჭურვილობისა და ტექნიკის მოწოდებას ფრანგული კომპანია "პომაგალსკი" უზრუნველყოფს. ის მსოფლიო მასშტაბით საბაგირო გზებისა და ბაგირიანი ტრანსპორტირების სისტემების პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლოატაციაში გაშვების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა", - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე თქმით, ჭიათურის საბაგირო ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი სატრანსპორტო საშუალებაა, რომლითაც ყოველდღიურად რამდენიმე ათასი ადამიანი სარგებლობს. საბაგირო გზები დღემდე იმ მანქანა-დანადგარებით ფუნქციონირებს, რომელიც მისი თავდაპირველი ექსპლოატაციის დროს 1963 წელს დამონტაჟდა. სამინისტროს განცხადებით, ბაგირგზებზე სარემონტო სამუშაოები 1990-იანი წლებიდან აღარ ჩატარებულა, რაც მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილებას რისკის ქვეშ აყენებს. ჭიათურის საბაგიროს სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს დაიწყება და 2016 წლის სექტემბერში დასრულდება.