ახალარჩეულმა გენერალურმა აუდიტორმა ცოტნე ყავლაშვილმა პარლამენტს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო

პარლამენტის მიერ ახალარჩეულმა გენერალურმა აუდიტორმა ცოტნე ყავლაშვილმა პარლამენტს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო.

გენერალური აუდიტორის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში უწყებამ 49 აუდიტი დაასრულა. 49 აუდიტიდან 11 ფინანსური აუდიტი, 19-შესაბამისობის აუდიტი, 3 - უწყებათაშორისი, ხოლო 16 - ეფექტიანობის აუდიტი იყო.

“საერთო ჯამში, 2021 წელს ჩატარებული აუდიტებით გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებები სხვადასხვა უწყებაში ძირითადად ხუთი სისტემური მიმართულებით არის საინტერესო. ეს მიმართულებებია: საბიუჯეტო სახსრების გამოყენების ეფექტიანობა, ეკონომიურობა, მიზნობრიობა, შესყიდვების პროცესი და აქტივების მართვის საკითხები. 2021 წელს მაღალი რისკების შემცველი გარემოებებიდან გამომდინარე, შემდგომი რეაგირებისთვის, სამართალდამცავ ორგანოებს 19 აუდიტის ანგარიში გადაეგზავნათ. პროკურატურის ინფორმაციით, 13 შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებულია გამოძიება, 5 შემთხვევაში-მიწოდებული მასალები დაერთო არსებულ გამოძიებებს, ხოლო ერთ ანგარიშზე გამოძიება არ დაწყებულა“, - განაცხადა გენერალურმა აუდიტორმა.