რუსეთმა მარცვლეულის საექსპორტო კვოტა თებერვლიდან შესაძლოა, 11 მილიონიდან 25 მლნ ტონამდე გაზარდოს

რუსეთიდან მარცვლეულის ექსპორტის კვოტამ 2023 წლის 15 თებერვლიდან შესაძლოა, 25 მილიონ ტონას მიაღწიოს. ამის შესახებ ფედერაციის სოფლის მეურნეობის მინისტრ დიმიტრი პატრუშევმა უწყებაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რასაც „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

მინისტრის თქმით, მთავრობა „საექსპორტო ფანჯარას ცალკეული კულტურებისთვის გაზრდის“ და შესაბამისი წინადადებებით ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უკვე მიმართა. მარცვლეულზე საექსპორტო კვოტას რუსეთის მთავრობა ტრადიციულად თებერვალში, სეზონის მეორე ნახევარში აწესებს. საექსპორტო კვოტის შესახებ მონაცემები ყოველწლიურად 15 თებერვლიდან 30 ივნისამდე ქვეყნდება. გასულ სასოფლო-სამეურნეო წელს, რომელიც 2022 წლის 30 ივნისს დასრულდა, კვოტამ 11 მილიონი ტონა შეადგინა. აქედან ხორბლის წილი 8 მილიონ ტონა იყო, რომელიც 206 კომპანიას შორის გადანაწილდა.

რაც შეეხება მარცვლეულის საექსპორტო გადასახადს, დიმიტრი პატრუშევი აცხადებს, რომ „ეს გადასახადი განსაზღვრულია, როგორც თვითრეგულირების მექანიზმი და ბაზრის პირობების მიხედვით იცვლება.“

მინისტრის თქმით, წელს მარცვლეულის რეკორდულ მოსავალს ელოდებიან, რამაც შესაძლოა, ისტორიულ 150 მილიონ ტონას მიაღწიოს. აქედან 100 მილიონი ტონა ხორბალი იქნება. ამ შემთხვევაში, მინიმუმ, 50-60 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტის აუცილებლობა დადგება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ