უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მრჩეველი - უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის თითქმის 40% სერიოზულად დაზიანებულია

უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 40% სერიოზულად არის დაზიანებული, - ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის მრჩეველმა, ალექსანდრ ხარჩენკომ განაცხადა.

„სამწუხაროდ, ახალი მონაცემებით, მთლიანი ინფრასტრუქტურის დაახლოებით 40% სერიოზულად არის დაზიანებული. სარემონტო სამუშაოები გრძელდება, მაგრამ დღეს და ხვალ უნდა ველოდოთ ელექტროენერგიის გათიშვას. იქნება არა მხოლოდ ავარიული, არამედ გეგმური გათიშვაც, ქსელზე დატვირთვის შემცირების მიზნით“, - განაცხადა ხარჩენკომ.

შეგახსენებთ, უკრაინაში აცხადებენ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში რუსული ძალები თავს ესხმიან ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს. შედეგად წარმოქმნილი ზიანის გამო, ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, პიკის საათებში - 17:00 საათიდან 23:00 საათამდე - "შეგნებულად მოეკიდონ" ელექტროენერგიის მოხმარებას.