რა ქონებას ფლობს თსუ-ს ახლად არჩეული  რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ჯაბა სამუშია

თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ჯაბა სამუშია აირჩიეს. ამ თანამდებობაზე მხოლოდ მისი კანდიდატურა იყო წარდგენილი.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს აკადემიკოსი და მეოთხე მოწვევის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.

სამუშიას ოჯახი 5 წევრისგან შედგება, ჰყავს 3 არასრულწლოვანი ვაჟი და მეუღლე, ნინო გძელიძე.

ნინო გძელიძე ფლობს თბილისში სოფელ ფონიჭალაში, აფხაზეთის ქუჩაზე 500 კვ.მ მიწის ნაკვეთს. ასევე მასზეა რეგისტრირებული თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე 2021 წელს 34 000 დოლარად შეფასებული ბინა. თავად სამუშიას კუთვნილებაა ნუცუბიძის მეორე ფერდობზე მდებარე ბინა. არცერთი ბინის შემთხვევაში ფართი მითითებული არ არის.

დეკლარაციის მიხედვით, ჯაბა სამუშიას 2021 წელს ხელფასის სახით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის სტატუსით მიღებული აქვს 11 867 ლარი, ასევე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში პროფესორის პოზიციაზე მიღებულის აქვს სახელფასო სარგო 593 ლარი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდში გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 78 775 ლარი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ასევე პროფესორის სტატუსით 2 010 ლარი, შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში 1 115 ლარი, პალიტრა ჰოლდინგში პროექტის ავტორობისთვის 2 540 ლარი, პალიტრა L-ში პროექტის ავტორობისთვის კი, 10 436 ლარი.

უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ,,თი-ბი-სი" ბანკში 10 7000 ლარის იპოთეკური სესხი აქვს. ასევე ,,თი-ბი-სი"-ში აქვს სესხი 6000 ლარის ოდენობით. ორივე სესხის მომსახურებისთვის სრული გასავალი 2021 წელს 43 669 ლარი იყო.

შეგახსენებთ, თსუ-ს ყოფილმა რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აკადემიურ საბჭოს გადადგომის მოთხოვნით 7 ოქტომბერს მიმართა.

თამარ მუკბანიანი