ერთ თვეში რუსულმა VTB-მ დსთ-ს ქვეყნებში 102 მლნ დოლარზე მეტი გადარიცხვა დააფიქსირა

15 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით რუსული VTB-ის კლიენტებმა ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების შიდა სერვისის გამოყენებით ე.წ. მეგობარ ქვეყნებში 2,1 მლრდ რუბლის (34 137 004 დოლარის) ოდენობის 7 ათასზე მეტი ტრანსფერი განახორციელეს. ინფორმაციას РБК ავრცელებს.

სააგენტოს მონაცემებით, 15 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით ეს მაჩვენებლები რიცხოვნობით მესამედით, ღირებულებით კი ორჯერ მეტი იყო. ფულადი გზავნილების უმეტესობა ბელარუსში, ყაზახეთსა და სომხეთში გაიგზავნა. საერთო ჯამში, შემოდგომის დასაწყისიდან VTB-მ დსთ-ს ქვეყნებში 6,3 მლრდ რუბლზე (102 535 993 დოლარი) მეტი ოდენობის 13 000 ტრანზაქციული გადარიცხვა დააფიქსირა.

ბანკში აცხადებენ, რომ „სექტემბრის ბოლო-ოქტომბრის დასაწყისში გადარიცხვების მატების შემდეგ, მეზობელ ქვეყნებში ტრანსფერებზე მოთხოვნა დასტაბილურდა და ამჟამად სექტემბრის საშუალო მაჩვენებლის დონეზეა.“

სერვის „МТС Деньги“-ის შეფასებით, ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების ბაზრის მოცულობა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში იზრდება, ხოლო წამყვანი ქვეყნები ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და სომხეთია.

რუსეთში მსხვილი ტრანსსასაზღვრო გადარიცხვის სერვისებია „Золотая корона,“ „Юнистрим“ და Contact, ისევე, როგორც სხვა ბანკები, რომლებსაც ასეთი ფუნქციონალი აქვთ.

ცნობისათვის, რუსეთის ბანკი ადრე აქვეყნებდა კვარტალურ სტატისტიკას ტრანსსასაზღვრო გადარიცხვებზე, თუმცა უკრაინის ომის დაწყებისა და სანქციების დაწესების შემდეგ წელს ამის გაკეთება შეწყვიტა. მიმდინარე წლის მარტში საერთაშორისო გადახდის სისტემებმა, Visa-მ და Mastercard-მა რუსეთი დატოვეს, რის შედეგადაც მათმა ბარათებმა საზღვარგარეთ მუშაობა შეწყვიტეს. რუსული გადახდის სისტემა, „Мир“ ამჟამად ათ ქვეყანაში ფუნქციონირებს, თუმცა ბოლო დროს მის გამოყენებაზე თურქეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ბანკებმა უარი განაცხადეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა უცხოური ბანკები გააფრთხილა, რომ რუსეთის გადახდის სისტემასთან თანამშრომლობისთვის მათ სანქციები დაუწესდებათ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ