3.8 მლრდ დოლარიანი სქემა - როგორ აპირებს ჰონგ-კონგი კადრების გადინების შეჩერებას

ჰონგ-კონგის ლიდერმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონ ლიმ ოთხშაბათს, 19 ოქტომბერს დააანონსა 3.8 მილიარდ დოლარიანი ფონდის შექმნის შესახებ, რომლის მიზანიც ქალაქში მეტი ბიზნესის მოზიდვა იქნება.

ფონდი ეცდება, მოიზიდოს კომპანიები, რათა მათ დაიწყონ ოპერაციები და განახორციელონ ინვესტიციები ჰონგ-კონგში.

გადაწყვეტილება თან მოსდევს ქალაქიდან მასობრივ გადინებას, მათ შორის, პროფესიული კადრებისა, რაც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ლოკდაუნებმა გამოიწვია და 2-წლიანი შეზღუდვები სულ ახლახან შემსუბუქდა.

აგვისტოში, ჰონგ-კონგში მოსახლეობის კლების მაჩვენებელი 1961 წლის აღრიცხვის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდი იყო. აღმასრულებელი დირექტორის თანახმად, ბოლო ორი წლის განმავლობაში სამუშაო ძალა 140,000 ადამიანით შემცირდა.

გარდა ტალანტების აქტიურად აღზრდისა და შენარჩუნებისა, მთავრობა პროაქტიულად მოიკვლევს ტალანტებს მსოფლიოშიც. ჯონ ლის თანახმად, ახალი ინიციატივა მიზნად ისახავს მეტი მუშახელის მოზიდვასაც, რომლებიც მაღალანაზღაურებადები და მსოფლიო 100 წამყვანი უნივერსიტეტიდან იქნებიან.

შესაბამის კანდიდატებს მიეცემათ საშუალება 2 წლის განმავლობაში გამოიკვლიონ თუ რა შესაძლებლობებს სთავაზობთ ჰონგ-კონგი, რამაც ხელი უნდა გაუმართოს ბიზნესს, რომელიც დიდი ხანია ტვინების გადინებას განიცდის.

კარანტინის ზომების მოხსნამდე ქალაქის მუშახელი უკმაყოფილებას გამოთქვამდა გადაადგილების შეზღუდვის გამო. ლოკდაუნმა ქალაქის ეკონომიკა დააზარალა, ბევრმა კომპანიამ გასვლა გადაწყვიტა, ბევრი კი განიხილავს ამას.

ჰონგ-კონგი ბაზაა აზიაში მულტინაციონალური კომპანიებისთვის, უმსხვილესი ბანკებისა და საფინანსო ფირმებისთვის. ერთ დროს დიდი ბრიტანეთის კოლონია ხიდია ჩინეთის ბაზარზე წვდომისთვის.

ბოლო პერიოდში ჰონგ-კონგის რეპუტაცია ღიაობისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით დაეცა და ამ პერიოდში წინ უფრო სინგაპური წამოიწია. ახლა კი ქალაქი ცდილობს რეპუტაცია აღიდგინოს და იქცეს ბიზნესის გლობალურ ჰაბად.

კახი ჩაკვეტაძე