”ევროზონა შესაძლოა, ესპანეთმა, იტალიამ და გერმანიამაც კი დატოვონ”

საბერძნეთის მიერ ევროზონის დატოვებას დომინოს ეფექტი ექნება.

ამის შესახებ საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა პანოს კამენოსმა გერმანულ გამოცემა "ბილდი"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"შემდეგ იქნებიან ესპანეთი, იტალია და გერმანიაც კი", - აღნიშნა საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა.

ამასთან ერთად, პანოს კამენოსმა განაცხადა, რომ შეუძლებელია მისი ქვეყანა ისევ უწინდებურ ვალუტას დაუბრუნდეს.

"ჩვენ გამოსავალი ევროზონის ფარგლებში უნდა ვიპოვოთ. მაგრამ ეს გამოსავალი მხოლოდ იმაში არ უნდა მდგომარეობდეს, რომ ბერძნები მუდმივად ვალს ვიხდიდეთ", - აღნიშნა პანოს კამენოსმა.

საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა გერმანულ გამოცემასთან საუბრისას ასევე ხაზი გაუსვა, რომ საბერძნეთი მნიშვნელოვნად დაზარალდა ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო. პანოს კამენოსის თქმით, საბერძნეთში ტურისტთა 25%-ს რუსეთიდან ჩასული ტურისტები შეადგენდნენ.