”პენსიაზე გასული” ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები

ლეგენდარული კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია მათ შორის, ვინც სპორტული კარიერა დაასრულა.

”ფორბსის” მონაცემებით, 2014 წელს NBA-ის ვარსკვლავის შემოსავალმა 100 მილიონი დოლარი შეადგინა.

ამერიკული გამოცემის თანახმად, 52 წლის მაიკლ ჯორდანის შემოსავლის დიდ ნაწილს სპორტულ კომპანია Nike-თან გაფორმებული კონტრაქტიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს.

კომპანია Nike მაიკლ ჯორდანის სავაჭრო მარკის Jordan Brand-ის მფლობელია. გარდა ამისა, ამერიკელ კალათბურთელს სპონსორული ხელშეკრულება აქვს ხუთ უმსხვილეს კომპანიასთან, ასევე გახლავთ საკალათბურთო კლუბ ”შარლოტის” აქციათა 90%-ის მფლობელი.

მაიკლ ჯორდანი, რომელმაც სპორტული კარიერა 2003 წელს დაასრულა, წელს პირველად მოხვდა ”ფორბსის” პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგშიც. ამერიკელმა კალათბურთელმა 1-მილიარდიანი ქონებით ”ფორბსის” რეიტინგში 1 741-ე ადგილი დაიკავა.

”პენსიაზე გასულ” სპორტსმენებს შორის ყველაზე დიდი შემოსავლებით მეორე ადგილი ინგლისელ ფეხბურთელს დევიდ ბექჰემს ერგო, რომლის შემოსავალმაც გასულ წელს 75 მილიონი დოლარი შეადგინა.

”მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის შემოსავლებს ძირითადად სარეკლამო კონტრაქტები განაპირობებს. დევიდ ბექჰემი, რომელმაც საფეხბურთო კარიერა 2013 წელს დაასრულა, ასევე თანამშრომლობს ვისკის მწარმოებელ კომპანია Diageo-სთან.

სპორტიდან წასული მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების რეიტინგში მესამე ადგილი ”ფორბსმა” გოლფის ყოფილ მოთამაშეს, 85 წლის არნოლდ პალმერს მიაკუთვნა. ექსპერტებმა მისი გასული წლის შემოსავალი 42 მილიონ დოლარად შეაფასეს. ყოფილი გოლფისტი ცნობილი ბრენდის ”არნოლდ პალმერის” მფლობელია, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 700 მაღაზია აქვს.

საერთო ჯამში, ”ფორბსის” რეიტინგში 12 ყოფილი სპორტსმენი მოხვდა, მათ შორის ლეგენდარული კალათბურთელები - შაკილ ო’ნილი (21 მილიონი დოლარი), მეჯიკ ჯონსონი (20 მილიონი დოლარი) და ფეხბურთის მეფე პელე (16 მილიონი დოლარი).

გასულ წელს თითოეულ მათგანის შემოსავალმა 12 მილიონ დოლარს გადააჭარბა, საერთო ჯამში კი, მათმა შემოსავალმა 389 მილიონი დოლარი შეადგინა.

”ფორბსის” ინფორმაციით, ”პენსიაზე გასული” სპორტსმენების ასაკი 33 წლიდან 85 წლამდე განისაზღვრა და მათი შემოსავლების დათვლისას გათვალისწინებული არ იყოს ინვესტიციებით მიღებული შემოსავლები.