გორის მერმა სოფელ საქაშეთში ახალი ბაღის მშენებლობა დაათვალიერა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სოფელ საქაშეთში ახალი ბაღის მშენებლობა დაათვალიერა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალი საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტის მიხედვით დაგეგმილია, როგორც საბავშვო ბაღის შენობის მშენებლობა, ასევე კომუნიკაციებისა და გათბობის სისტემის მოწყობა და ეზოს მოწესრიგება.

პროექტი გარდამავალია და სამუშაოები 2023 წელს დასრულდება.

„სამუშაოების დასრულების შემდეგ, საქაშეთში მცხოვრები ბავშვები განათლების მიღებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სააღმზრდელო დაწესებულებაში შეძლებენ. ამ დრომდე, საქაშეთში მცხოვრები პატარები სკოლამდელ განათლებას დაქირავებულ კერძო სახლში იღებენ.

საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 800 000 ლარამდე დაიხარჯება.

გორის მუნიციპალიტეტში კიდევ 4 ახლად აშენებული ბაღი გაიხსნება. მიმდინარე წელს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა კიდევ ერთ სოფელშია დაგეგმილი,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.