იტალიაში მდებარე შუა საუკუნეების ციხესიმაგრე იყიდება

ციხესიმაგრე 115 საძინებლისა და 100 აბაზანის ოთახისგან შედგება.

იტალიაში, ტოსკანას რეგიონში მდებარე მე-12 საუკუნის ციხესიმაგრე იყიდება. ბრიტანული გამოცემა "ტელეგრაფის" ინფორმაციით, მსოფლიოში ამჟამად გასაყიდად გამოტანილ უძრავ ქონებას შორის ეს ყველაზე დიდი სახლია. ციხესიმაგრე 28 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

ქალაქ კასტელინა-ინ-კიანტიში მდებარე ციხესიმაგრე 115 საძინებლისა და 100 აბაზანისგან შედგება. ციხესიმაგრის გარშემო ტერიტორია 630 ჰექტარს შეადგენს, სადაც სხვა უამრავ მცენარესთან და ხესთან ერთად, ზეთისხილის 1 500 ხე არის გაშენებული.

"ტელეგრაფის" ცნობით, 1 400-იანი წლებიდან მოყოლებული ციხესიმაგრე პიკოლომინის ოჯახს ეკუთვნოდა, 30 წლის წინ კი ის ამჟამინდელმა მფლობელებმა შეიძინეს.

საერთო ჯამში, ტოსკანაში მდებარე ციხესიმაგრის საცხოვრებელი ფართი 14 315 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

"ციხესიმაგრის გასაყიდი ფასი არცთუ მაღალია, თუ გავითვალისწინებთ მის საერთო ფართობს. შესაბამისად, ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება 2 ათასი დოლარია", - აცხადებენ უძრავი ქონების აგენტები.

"ტელეგრაფის" ინფორმაციით, თავის დროზე ციხესიმაგრეში ხშირად რჩებოდა გალილეო გალილეი.

therichest.com-ის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე დიდი სახლი ბრუნეის სულთანს, ჰასანალ ბოლხის ეკუთვნის. ბრუნეიში მდებარე ისტანა ნურულ იმანის სასახლე 1 788 ოთახისგან, 257 აბაზანის ოთახისგან, 5 ათასი ადამიანისთვის განკუთვნილი საბანკეტო დარბაზისგან, 110 მანქანისთვის განკუთვნილი გარაჟისგან და მეჩეთისგან შედგება, რომელშიც 1 500 ადამიანი ეტევა. სასახლის ღირებულება 1,4 მილიარდი ფუნტია.