„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ უფროსი ანალიტიკოსი - საქართველოში წვრილმანი კორუფცია, რასაც შეიძლება ქუჩაში შეხვდე, მინიმალურია, სისტემური კორუფციაა - უკვე ტომები გამოვა იმდენი გვაქვს დაწერილი, პროკურატურა არცერთს არ იძიებს

იმიტომ დგება მინიმუმ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ იცოდი, ესენი არ არიან კეთილსინდისიერები და გააგრძელე მათთან საქმიანობა, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსმა ანალიტიკოსმა, ბესო ნამჩავაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაში დედაქალაქის მერის, კახა კალაძის პასუხისმგებლობაზე საუბრისას განაცხადა.

ბესო ნამჩავაძის განცხადებით, ფაქტი, რომ "გრინსერვის +”-ის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე 2013 წელს თაღლითობის ბრალდებით იყო დაკავებული, მას აფიქრებინებს, რომ ტრაგედიაში კახა კალაძის პასუხისმგებლობაცაა.

„სწორედ ამ ისტორიამ გააჩინა ჩემთვის ის აზრი, რომ პასუხისმგებლობა მერამდე მიდის. რომ არ ყოფილიყო ეს კომპანია ასეთი წარსულის და ახლა პირველი შემთხვევა ყოფილიყო, ნაკლებად შეიძლება დამდგარიყო ასეთი საკითხი, მაგრამ როცა იცი, რომ ასეთი ხალხია, შენ თვითონ გყავდა დაჭერილი და მერე უგრძელებ ასე დიდ კონტრაქტებს და როგორც აღმოჩნდა ყალბი დოკუმენტიც შეუდგენია, რასაც ამბობს გამოძიება“, - განაცხადა ბესო ნამჩავაძემ.

ბესო ნამჩავაძის განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ უამრავი სავარაუდო კორუფციული სქემა აღმოაჩინა, თუმცა მათ გამოძიებას ხელს არავინ არ კიდებს.

მისი შეფასებით, საქართველოში სისტემური კორუფციაა, სადაც დიდ თანხებზეა საუბარი.

„უკვე ტომები გამოვა იმდენი გვაქვს დაწერილი. ცალკე ბლოგი გვაქვს, გამოუძიებელი საქმეები ჰქვია, ასამდე ადის უკვე, ჩვენი აზრით, სადაც კორუფციის ნიშნებია, ამას ვაგროვებთ და პროკურატურა არცერთს არ იძიებს. 2020 წლის ახალი წელი რომ დგებოდა, მერიამ აშკარად მორგებული ტენდერები ჩაატარა, კალაძემ მოაგებინა იტალიურ კომპანიას, თეთრი ძაფით ნაკერი იყო და არავის არ უგია მაშინ პასუხი.

საქართველოში წვრილმანი კორუფცია, რასაც შეიძლება ქუჩაში შეხვდე, მინიმალურია, ხოლო ეს არის სისტემური მაღალი კორუფცია, სადაც დიდ თანხებზეა საუბარი და არის დაუსჯელობა, რაც არ უნდა დავწეროთ, ჩვენ ვიქნებით თუ სხვა იქნება, არავინ ხელს არ კიდებს“, - განაცხადა ბესო ნამჩავაძემ.