კრიპტობირჟა Kraken-მა რუსებს ანგარიშები შეუზღუდა

ამერიკულმა კრიპტობირჟა Kraken-მა, ევროკავშირის სანქციების ფარგლებში, თავის პლატფორმაზე რუსი მომხმარებლების ანგარიშები შეზღუდა. ამის შესახებ Cointelegraph ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ მიღებულ წერილზე დაყრდნობით წერს.

„ახალი ევროპული კანონმდებლობის გამო ჩვენ იძულებული ვართ, მივიღოთ ზომები თქვენი Kraken ანგარიშის შესაზღუდად. რაიმე ცვლილების შემთხვევაში, ჩვენ ვაცნობებთ მხარდაჭერის ცენტრს. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის,“ - ნათქვამია წერილში.

იქვე წერია, რომ მოთხოვნის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია, კრიპტოვალუტა Kraken-ის ანგარიშიდან ამოიღოს. თუმცა რუსეთის მოქალაქეებისთვის ბირჟიდან თანხის გატანის ვადა არ კონკრეტდება. სააგენტო РБК-ის ცნობით, მომხმარებლები პლატფორმაზე რუსული ლოკაციით ვეღარ დარეგისტრირდებიან.

Kraken-ის წარმომადგენელმა Cointelegraph-ს განუცხადა, რომ კომპანია აკმაყოფილებს „სამართლებრივ და მარეგულირებელ მოთხოვნებს ყველა იურისდიქციაში,“ სადაც კი მუშაობს. მისი თქმით, კომპანია მუშაობს იმ ცვლილებებზე, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული სანქციების უახლესი პაკეტის შესასრულებლად.

6 ოქტომბერს ევროკავშირმა გაასაჯაროვა სანქციების მერვე პაკეტი, რომელიც უკრაინის ოთხ ოკუპირებულ ოლქში ფსევდორეფერენდუმების საპასუხოდ შემოიღო. სხვა საკითხებთან ერთად, ის ევროპულ კომპანიებს რუსებისთვის კრიპტოანგარიშების, კრიპტოსაფულეებისა და კრიპტოვალუტის შენახვის სერვისებზე წვდომას უკრძალავს. ამით ევროკავშირმა გაამკაცრა კრიპტოვალუტის სანქციები, რაც აპრილიდან მოქმედებდა და რუსებს ევროპულ კრიპტოანგარიშებზე 10 000 ევროზე მეტი თანხის ქონა ეკრძალებოდათ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ