ბიზნეს-იდეები 2015 წლისთვის

რჩევები მცირე ბიზნესის დაწყების მსურველებს

ბიზნესში წარმატებისთვის ერთ-ერთი მთავარი სწორი პროგნოზის გაკეთებაა. თუმცა, სამწუხაროდ ხშირად ხდება ხოლმე, როდესაც დამწყები ბიზნესმენის პროგნოზი არ ამართლებს და რაც არ უნდა კარგი იდეა ჰქონდეს, ბიზნესს წარმატება არ მოაქვს.

თანამედროვე ბიზნესში ერთ-ერთ სირთულეს წარმოადგენს მძაფრი კონკურენციაც. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, მცირე ბიზნესისთვის ყველა სფერო ათვისებულია, გთავაზობთ იმ რამდენიმე საქმიანობას, რომელიც უცხოელი ბიზნესანალიტიკოსების განცხადებით, 2015 წელს ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი იქნება.

”უსაფრთხო” საკვები

გლობალური დაბინძურების ეპოქაში ჯანსაღი საკვები სულ უფრო მოთხოვნადი გახდა. მართალია, ცხოვრების სწრაფი რიტმიდან გამომდინარე, მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს სწრაფი კვების ობიექტებში ნაყიდი ბურგერებითა და ჰოთ-დოგებით უწევს შიმშილის მოკვლა, თუმცა ყველა მათგანი აცხადებს, რომ ბოლო ხანს უპირატესობას ”უსაფრთხო” საკვებს ანიჭებს. ამიტომ, ბიზნესანალიტიკოსები გირჩევენ, მოიყვანოთ ნატურალური ბოსტნეული და ხილი და ეს სარფიან ბიზნესად აქციოთ.

დამამშვიდებელი სასმელი

დამამშვიდებელი და არა - ენერგეტიკული სასმელი. თანამედროვე საზოგადოება, რომელსაც მუდმივი სტრესისა და ხმაურის ქვეშ უწევს ცხოვრება, ბოლო პერიოდში სწორედ დამამშვიდებელ სასმელს ანიჭებს უპირატესობას. ამერიკაში 70 მილიონზე მეტი ადამიანი რელაქსაციის მიზნით სწორედ ასეთ სასმელს მოიხმარს. მოთხოვნიდან გამომდინარე, ამერიკაში ადგილობრივი ბაზარი მომხმარებელს 450 ტიპის სხვადასხვა დამამშვიდებელ სასმელს სთავაზობს, თუმცა მსგავსი სასმელების ბაზარი ჯერ სრულად არ არის ათვისებული.

იოგა

მსოფლიოში უკვე რამდენიმე ათეული წელია უამრავი ადამიანი მისდევს იოგასა და პილატესს. თუმცა, საქართველოში ეს ბიზნესი ისე არ არის განვითარებული, როგორც სხვა ქვეყნებში. მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, მეგაპოლისების მცხოვრებთა შორის ყოველი მეორე ან უკვე დაკავებულია, ან მომავალში სურს იოგათი დაკავდეს. იოგას შემოსავლიან ბიზნესად გადაქცევისთვის მხოლოდ კვალიფიციური პერსონალი და სავარჯიშო დარბაზი დაგჭირდებათ.

ბავშვთა პროდუქციის ონლაინ მაღაზია

2014 წელს Inc.com-მა ბავშვთა პროდუქციის ონლაინ მაღაზია ერთ-ერთ საუკეთესო ბიზნესად დაასახელა. რეიტინგის ავტორთა განცხადებით, გასულ წელს ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქცია დაწყებული საფენებით და საბაშვო ავეჯით დამთავრებული, ყველაზე მოთხოვნადი იყო. Inc.com-მა ასევე იწინასწარმეტყველა, რომ ონლაინ გაყიდვებში მიმდინარე წელს მხოლოდ ბავშვის ტანსაცმლის გაყიდვით მიღებული შემოსავალი 6 მილიარდი დოლარი იქნება.

მთარგმნელობითი მომსახურება ბიზნესისთვის

ნათქვამია, რაც უფრო მეტი ენა იცი, მით მეტი ადამიანი ხარო. ბიზნესანალიტიკოსთა განცხადებით, მთარგმნელობითი მომსახურება სხვადასხვა ბიზნესკომპანიებისთვის ერთ-ერთი სარფიანი საქმიანობა იქნება მიმდინარე წელს. მათივე თქმით, მსოფლიოში უამრავი კომპანიაა, რომლებიც თავიანთი პროდუქტის გატანას სხვადასხვა ქვეყნებში ცდილობენ, ამიტომ მათ ხშირად სჭირდებათ ადამიანი, რომელიც სხვადასხვა დოკუმენტებს, ინფორმაციასა და ვიდეოს უთარგმნით.