"ეს თუ გადაიზრდება დასავლურ სანქციებში უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, იქნება ნათელი სიგნალი, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია იცვლება"

ეს თუ გადაიზრდება დასავლურ სანქციებში უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ეს უკვე იქნება ნათელი სიგნალი იმისა, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია იცვლება, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ის ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრის - ალექსანდრე ივანიშვილის, ქეთევან ხარაიძის, უჩა მამაცაშვილის, ტიტე მამაცაშვილის და რამდენიმე ქართველ ბიზნესმენის მიმართ უკრაინის მიერ სანქციები დაწესებას გამოეხმაურა.

ამასთან, იოსელიანის განმარტებით, ის, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს პრობლემები, არ ნიშნავს, რომ ამით ოპოზიციის პრობლემები გადაწყდება.

„ჩვენ ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. ჩვენი, ოპოზიციის ამოცანა უნდა იყოს, რომ ვეძებოთ მხარდაჭერა და დასაყრდენი. ჩვენ უნდა გავზარდოთ მხარდაჭერა ქვეყნის შიგნით, რადგან ვერც უკრაინაში და ვერც სხვა ქვეყანაში ოპოზიციის როგორი გულშემატკივარიც არ უნდა იყოს, ის ჩვენ მაგივრად არჩევნებს ვერ მოიგებს. შესაბამისად, ცოტა გადაჭარბებული მოლოდინი არ უნდა შევუქმნათ საზოგადოებას. სიმართლე გითხრათ, ძალიან მწყდება გული ასეთ რაღაცას რომ ვხედავ. იმ ადამიანების ბედი, ვისაც სანქციები დაედო, ნაკლებად მანაღვლებს. მე მანაღვლებს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა და ასევე ის, რომ ამ ყველაფრის გამო საქართველო და უკრაინა კიდევ უფრო შორდებიან ერთმანეთს და ის დაძაბულობა, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის არსებობს, კიდევ უფრო ღრმავდება, როცა პირიქით, ნაბიჯები უნდა გადაიდგას ერთმანეთისკენ. ჩემდა სამწუხაროდ, ამის საპირისპიროს ვხედავ ორივე მხრიდან. მთელი ამ დროის განმავლობაში საქართველოს შიგნით ეს იყო რიტორიკის დონეზე, განსაკუთრებით რამდენიმე ხნის წინ“, - განაცხადა იოსელიანმა.

როგორც იოსელიანმა განაცხადა, მტკიცებულება იმის, რომ სანქციების გვერდის ავლით საქართველოდან რუსეთში ვინმე ტვირთს ეზიდება, ჯერჯერობით ვერავინ წარმოადგინა.

„სიმართლე გითხრათ, ჩემი აზრით, ამას უფრო პოლიტიკური ელფერი აქვს. რეალურად, მტკიცებულება იმის, რომ სანქციების გვერდის ავლით საქართველოდან რუსეთში ვინმე ტვირთს ეზიდება, ვერავინ ჯერჯერობით ვერ წარმოადგინა. ეს რომ ასე იყოს, დამერწმუნეთ, ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ამაზე ხმამაღლა ილაპარაკებდნენ. ამას არავინ აპატიებდა ხელისუფლებას და თვალს არავინ დახუჭავდა. მგონი იმაზე მაინც ვთანხმდებით, რომ ტექნიკური თვალსაზრისით ამერიკელებს ბევრად მეტი საშუალება აქვთ აკონტროლონ აქ რა ხდება ყველა დონეზე.

ეს არ გამკვირვებია, უბრალოდ გულდასაწყვეტია, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში უკრაინასთან ასე ართულებს სიტუაციას და ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო აღრმავებს ამ უფსკრულს. ეს თუ გადაიზრდება რეალურად დასავლურ სანქციებში უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ეს უკვე იქნება ნათელი სიგნალი იმისა, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია იცვლება. ჩვენი მოქალაქეები ამ რეალობას აბსოლუტურად სხვაგვარად გაიაზრებენ და მიხვდებიან, რომ ამ ხელისუფლების მთავარი საყრდენი ჩამოშლილია და ცვლილებები რეალურად შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ცნობისთვის, უკრაინის მიერ დასანქცირებულ პირთა სიაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრი მოხვდა. კერძოდ, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლეს, ქეთევან ხარაიძეს, დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს და მის შვილს - ტიტე მამაცაშვილს. შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდა რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი, კერძოდ: დავით იაკობაშვილი, ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები.