ყაზახეთი მზესუმზირას ზეთის ექსპორტს ზრდის - ყიდულობს თუ არა საქართველო პროდუქტს ამ ქვეყნისგან?

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად ვაჭრობის შეფერხებისა და ფასების ზრდის ფონზე, ყაზახეთიდან მზესუმზირას ზეთის ექსპორტი მკვეთრად იზრდება.

გასულ წელს მსოფლიოსთვის უმსხვილესი მიმწოდებელი უკრაინა იყო, მასზე მოდიოდა გლობალურად მიწოდების ნახევარი და მილიარდობით დოლარის მზესუმზირას ზეთი გაჰქონდა ექსპორტზე. აშშ-ს სასოფლო-სამეურნეო დეპარტამენტის თანახმად, მსოფლიოში მოხმარებული მზესუმზირას ზეთის ერთი-მესამედი უკრაინული იყო, თუმცა წელს ომმა მოსავლის აღებას, წარმოებასა და საზღვაო გადაზიდვებს ხელი შეუშალა - მოსალოდნელია, რომ მსოფლიო წარმოებაში ქვეყნის წილი 21%-მდე დაეცემა.

უკრაინიდან ექსპორტის კლებით გაჩენილი ხვრელის შევსებას ყაზახეთი ცდილობს - მიმდინარე წლის 7 თვეში ქვეყანამ ექსპორტი 158%-ით გაზარდა წინა წელთან შედარებით, წარმოება კი 37%-ითაა გაზრდილი. მონაცემებს მთავრობის სტატისტიკაზე დაყრდნობით Energyprom.kz ავრცელებს.

2022 წლის პირველ 7 თვეში ყაზახეთის წარმოებამ 267,700 მეტრულ ტონას მიაღწია, წინა წელს მაჩვენებელი 195,600 მეტრული ტონა იყო. ექსპორტი კი იანვარ-ივლისში 129,500 მეტრული ტონამდე გაიზარდა წინა წლის 50,200 მეტრული ტონიდან.

მიუხედავად ამისა, ყაზახეთის წილი მთლიან მსოფლიო მოხმარებაში, რომელიც 20 მლნ მეტრულ ტონას შეადგენს, კვლავ მწირია. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მზესუმზირას და მისი ზეთის ექსპორტი შეზღუდულია შიდა ბაზარზე მიწოდების შესანარჩუნებლად და ფასების შესანარჩუნებლად, თუმცა სექტემბრის შემდეგ პროდუქციაზე ფასები მაინც 15%-ითაა გაზრდილი.

ექსპორტის ზრდა დაეტყო საქართველო-ყაზახეთის ვაჭრობასაც და საქსტატის თანახმად, წელს 553.12 ათასი დოლარის 306.14 ტონა მზესუმზირას ზეთი შემოვიტანეთ ამ ქვეყნიდან. აღსანიშნავია, რომ საქართველომ ეს პროდუქტი წლიურად მხოლოდ მეორედ იყიდა, აქამდე შესყიდვა მხოლოდ 2014 წელს ფიქსირდება, თუმცა მიზერული ოდენობით.

კახი ჩაკვეტაძე