კომპანიები დეპუტატ ზაალ დუგლაძესა და რუსეთის მოქალაქეებთან ერთად - რა ბიზნეს საქმიანობას ეწევა უკრაინის მიერ სანქცირებული ალექსანდრე ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლეს ქეთევან ხარაიძეს უკრაინის პრეზიდენტის 19 ოქტომბრის ბრძანებით სანქციები დაუწესდათ.

ის რომ, ივანიშვილის გარემოცვის წევრები შესაძლოა, უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვედრილიყვნენ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში წერდა.

უფრო კონკრეტულად, „ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს კომპანია „გეო ორგანიკსის“ გავლით საერთო ბიზნესი აქვთ აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფ, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ „კაგებეს“ (სსრკ-ის „სუკ“-ის) გენერალ და სანქტ-პეტერბურგის ყოფილ გუბერნატორ გეორგი პოლტავჩენკოსთან და ასევე, ვოლგოგრადის ყოფილ მაღალჩინოსან როლანდ ხერიანოვთან, რომლის მეუღლეც, სახელმწიფო დუმის ყოფილი წევრი და ცნობილი პროპაგანდისტული ვიდეოს – „ბიძია ვოვა, ჩვენ შენთან ვართ“ – ავტორი ანნა კუვიჩკოა - წერდა ორგანიზაცია.

ალექსანდრე ივანიშვილი „გეო ორგანიკსის“ 30.5%-იან წილს 2022 წლამდე ფლობდა, თუმცა ამჟამად ეს წილი მის მეუღლეზე, ქეთევან ხარაიძეზე არის გადაფორმებული.

„გეო ორგანიკსი“ ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებსა და კოსმეტიკურ საშუალებებს აწარმოებს და დიდ ბრიტანეთში, საქართველოსა და რუსეთში არის წარმოდგენილი. კომპანია თავდაპირველად, 2017 წელს რუსეთში შეიქმნა და იმავე წელს საქართველოში გამოჩნდა, ხოლო 2018 წლიდან ბიზნესი დიდ ბრიტანეთშიც დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ 2019-2021 წლებში „გეო ორგანიკსის“ ბრიტანეთის ფილიალის 24.5%-იანი წილის მფლობელი ვოლგოგრადის ყოფილი მაღალჩინოსნის, როლანდ ხერიანოვის დედა, ოლგა ხერიანოვა იყო.

თავად როლანდ ხერიანოვი სხვადასხვა დროს ვოლგოგრადის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ვოლგოგრადის რეგიონული დუმის დეპუტატი და ვოლგოგრადის რეგიონის მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი იყო. მისი მეუღლე, ანნა კუვიჩკო 2016-2021 წლებში მმართველი პარტიიდან რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო. როლანდ ხერიანოვი კომპანია „გეო ორგანიკსის“ მეწილე სწორედ მისი მეუღლის დეპუტატობის ბოლო 2 წლის განმავლობაში იყო.

გამოვლინდა ალექსანდრე ივანიშვილის ბიზნესკავშირი სანქტ-პეტერბურგის ყოფილ გუბერნატორთან, სანქცირებულ გეორგი პოლტავჩენკოსთანაც, რომლის ვაჟს, ალექსეი პოლტავჩენკოს 2021 წლის აგვისტოდან კომპანია „გეო ორგანიკსში“ 10%-იანი წილი ეკუთვნის.

გეორგი პოლტავჩენკო სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორად 2011-2018 წლებში მუშაობდა. ის „კაგებეს“ (სსრკ-ის „სუკ“-ის) გენერალი და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირია. 2018 წლიდან პუტინმა პოლტავჩენკო უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიის, სს „გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაციის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა. გეორგი პოლტავჩენკო 2022 წლის 7 აპრილიდან ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების სიაშია, ხოლო „გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაცია“ აშშ-ის, ევროკავშირის, შვეიცარიის, კანადის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის მიერ არის სანქცირებული.

აღსანიშნავია, რომ უკრაინულ ვებგვერდზე, სადაც რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო სხვადასხვა პირის სანქცირებას ითხოვენ, ქართველი ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების გვარები ჯერ კიდევ სექტემბერში მოხვდა. მათ შორის იყო ალექსანდრე ივანიშვილიც.

,,ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, როგორია ყველაზე მდიდარი ქართველის ძმის ბიზნეს საქმიანობა საქართველოში.

ირკვევა რომ ალექსანდრე ივანიშვილი ფლობს წილის 79.5%-ს შპს ტორნადო + -ში, 15.7%-ს - შპს ციტადელში, ასევე, შპს ოქსინო 21-ის - 15.7%-იან წილს, დუგლაძეები ღვინის მარნის - 23%-ს, შპს ეფ ენდ კომპანი-ის - 12.5%-ს, სადაც წილის ზუსტად იგივე მოცულობა ეკუთვნის ზაალ დუგლაძეს და რუსეთისა და საქართვლოს ორმაგ მოქალაქეებს ნატო ჩისტიაკოვას და დავით კაპანაძეს.

აღსანიშნავია, რომ ზაალ დუგლაძის ქონების განმკარგავი, ყველა დოკუმენტით ძმა, დავით დუგლაძეა, რადგან ის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენთის წერია. დეპუტატ დუგლაძესთან ერთად ფლობს ალესანდრე ივანისვილის ძმა შპს აისი ინკ-ის 33%-ს, 13% ეკუთვნის შპს ვაზიანი XXI-ში.

თამარ მუკბანიანი