საქართველოში ზეთის იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა - საიდან შემოდის პროდუქტი ქვეყანაში

რუსეთის მსხვილმასშტაბიანი ანექსიისა და თავდასხმების შედეგად უკრაინიდან ზეთის და არა მარტო ამ პროდუქტის ექსპორტის შემცირების ფონზე, ყაზახეთი მზესუმზირას ზეთის ექსპორტს ზრდის. მიუხედავად ამისა, საქართველო ყაზახეთისგან მხოლოდ მცირე ოდენობით ზეთს ყიდულობს. საინტერესოა, საიდან შემოდის ქვეყანაში პროდუქტი და რამდენს ვიხდით მასში წლიურად.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში რეკორდული ღირებულების, 89.6 მილიონი აშშ დოლარის ცხიმები და ზეთები შემოვიდა. იმპორტი 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან, 64.3 მლნ დოლართან შედარებით 39.4%-ითაა გაზრდილი.

საქართველოში ზეთის უმსხვილესი შემომტანი წელს რუსეთია, საიდანაც იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა და 55.5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე, 37.9 მლნ-ზე, 46.4%-ით მეტია.

10 ქვეყნის ჩამონათვალი, საიდანაც საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით შემოდის ცხიმები და ზეთები, შემდეგნაირია:

  • რუსეთი - 55.5 მლნ დოლარი;
  • თურქეთი - 7.7 მლნ დოლარი;
  • აზერბაიჯანი - 7.7 მლნ დოლარი;
  • უკრაინა - 4.6 მლნ დოლარი;
  • მალაიზია - 3.8 მლნ დოლარი;
  • პოლონეთი - 1.95 მლნ დოლარი;
  • ინდონეზია - 1.7 მლნ დოლარი;
  • იტალია - 1.6 მლნ დოლარი;
  • შვედეთი - 823.7 ათასი დოლარი;
  • სომხეთი - 662.9 ათასი დოლარი.
კახი ჩაკვეტაძე