ყაზახეთის მიზანია, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR) ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის 2024 წლიდან გამოიყენოს, როცა ქვეყანაში ნავთობმოპოვება გაიზრდება. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრ ბოლატ აკჩულაკოვმა ბრიფინგზე განაცხადა, რასაც „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
მისი თქმით, 2024 წლის შუა რიცხვებიდან თენგიზის საბადოზე, სამომავალო გაფართოების პროექტის ფარგლებში, ნავთობმოპოვების 12 მილიონი ტონით ზრდა არის მოსალოდნელი.
„ამ მოცულობის გარკვეულ ნაწილს კასპიის ზღვის ე.წ. დივერსიფიცირებული მარშრუტებისთვის გამოვიყენებთ,“ - აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი.
მანამდე ბოლატ აკჩილაკოვი აუცილებელ პირობად მიიჩნევს, დაიწყოს დისკუსია, არიან თუ არა მზად მხარები მილსადენების სისტემაში ნავთობის ასეთი მოცულობის მისაღებად. მინისტრმა დააზუსტა, რომ TITR-ის მარშრუტით სარგებლობისთვის „მილსადენით ტრანსპორტირების გარდა, საჭირო იქნება საკმაოდ დიდი ინფრასტრუქტურა, როგორიც არის ნავმისადგომი სისტემა და კასპიის ზღვაში იმ ტანკერების რაოდენობის გაზრდა, რომლებიც ამ ნავთობის ტრანსპორტირებას შეძლებენ.“
„ეს საკითხი კომპლექსურია და ჩვენ მას დეტალურად ვსწავლობთ,“ - ამბობს მინისტრი.
ამჟამად ყაზახეთი ყოველწლიურად 65-67 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის ექსპორტს ორი მილსადენით, კასპიის მილსადენის კონსორციუმითა (CPC) და ატირაუ-სამარას ნავთობსადენით ეწევა. ივლისში პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა, ყაზახური ნავთობის მარაგების დივერსიფიკაციის მიზნით, „ყაზმუნაიგაზს“ დაავალა, ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის განხორციელების საუკეთესო ვარიანტები შეემუშავებინა.
TITR საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოს ტერიტორიაზე, შემდეგ კი თურქეთსა და ევროპის ქვეყნებზე გადის. ექსპლუატაციაში შესული ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაც ამ დერეფნის ნაწილია.
ამჟამად ყაზახური ნავთობის ძირითადი საექსპორტო მარშრუტი კასპიის მილსადენის კონსორციუმია, რომლითაც გადაქაჩულ მოცულობაში მისი წილი 80%-ზე მეტია. ამ მილსადენის სიმძლავრე წელიწადში 67 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს.
ყაზახეთში ნავთობის საექსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციას მას შემდეგ განიხილავენ, რაც გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის აღმოსაფხვრელად სასამართლოს მიერ CPC-ის საზღვაო ტერმინალის შესაძლო შეჩერებაზე ალაპარაკდნენ. ამას წინ უძღოდა ფეთქებადი ობიექტების გამოსავლენად წყლის აკვატორიის შესწავლა, რა დროსაც ნავმისადგომის დანადგარების ექსპლუატაცია შეიზღუდა. ამასთან, აღნიშნული ნავმისადგომები მარტის შტორმის გამო მთლიანად დაიხურა, რომელიც, თითქმის, ერთი თვე გრძელდებოდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ