საქართველოდან ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში ავტომობილების რეექსპორტი 215%-ით გაიზარდა

საქართველოდან შუა აზიაში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი მკვეთრად იზრდება. საქსტატის თანახმად, მიმდინარე წლის 9 თვეში 3 ქვეყანაში - ყაზახეთში, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში რეექსპორტმა 88.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე, 28.2 მლნ აშშ დოლარზე, 215%-ით მეტია.

აღსანიშნავია, რომ ამ 3 ქვეყანაში გატანილი მანქანებიდან ნახევარზე მეტი, 53% ყაზახეთზე მოდის, სადაც რეექსპორტის მაჩვენებელი წელს თითქმის 270%-ითაა გაზრდილი.

თავისთავად, გაზრდილია გაყიდული ავტომობილების რაოდენობაც 282%-ით - თუ 2021 წელს ამ 3 ქვეყანაში 3 025 ერთეული გავიდა, 2022-ში მაჩვენებელმა 11 556-მდე მოიმატა.

red-modern-line-chart-diagram-produt-data-graph-2-1666607302.jpg

როგორც გრაფიკიდან ჩანს, 3 აზიურ ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის ზრდის ტენდენცია ბოლო რამდენიმე წელია ფიქსირდება, რეკორდულ მაჩვენებელს კი 2011 წელს მიაღწია, როცა რეექსპორტით 115 მლნ აშშ დოლარზე მეტის მსუბუქი ავტომობილები გავიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2014 წლამდე ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი არ ფიქსირდება.

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთზე, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთზე მსუბუქი ავტომობილების მთლიანი რეექსპორტის 15% მოდის.

თავის მხრივ, მსუბუქი ავტომობილები ერთ-ერთი მოწინავეა საქართველოს რეექსპორტში და მიმდინარე წელს ამით ქვეყანაში 590 მილიონ დოლარზე მეტის შემოსავალი შემოვიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და მთლიანი რეექსპორტის დაახლოებით 46%-ს შეადგენს.

კახი ჩაკვეტაძე