ფინანსთა მინისტრი თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ალი ქაან ორბაის შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები მიმოიხილეს. ყურადღება საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივ და რეგიონულ პროექტებში პარტნიორობის მნიშვნელობაზე გამახვილდა.

ფინანსთა მინისტრსა და თურქ დიპლომატს შორის საუბარი, ასევე, შეეხო საბაჟო სფეროში თანამშრომლობის საკითხებს, საბაჟო-გამშვები პუნქტების ეფექტური მართვის მიმართულებით.

თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა მზაობა გამოთქვა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობას მაქსიმალურად ხელი შეუწყოს.