ყაზბეგში არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგში“, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, რ.ა.-ს როგორც ფიზიკური, ასევე, კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა - 47 100 აშშ დოლარი და 5 400 რუსული რუბლი გამოავლინეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, ჯამში 130364,63 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი მოქალაქე, სანქციის სახით, (თანხის 10%-ის ოდენობა) 13036,46 ლარით დაჯარიმდა.