„ყაზახეთს შეუძლია საქართველო სატრანზიტოდ გამოიყენოს და არა ავტომობილების იმპორტისთვის"

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, მიმდინარე წლის 9 თვეში შუა აზიის 3 ქვეყანაში - ყაზახეთში, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში რეექსპორტმა 88.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე, 28.2 მლნ აშშ დოლარზე, 215%-ით მეტია და 2011 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას კომპანია „რობან მოტორსის“ დამფუძნებელი, ელგუჯა ჯამაგიძე ამ ფაქტს რამდენიმე ძირითად ფაქტორს უკავშირებს.

„პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ რეექსპორტის ამგვარი ზრდა საქართველოს ხელსაყრელ მდგომარეობას უკავშირდება. ჩვენგან აზიაში ტრანსპორტირება მარტივია, შეუძლიათ აზერბაიჯანის გავლით შეიტანონ. მეორეს მხრივ, გარკვეული გავლენა ომმაც იქონია და მოთხოვნა ჩვენს ბაზარზე გაიზარდა.

სავარაუდოდ, ომის შემდეგ კიდევ უფრო გამოჩნდება, რომ ჩვენთან დიდი ბაზარია და აუცილებლად დასჭირდება ხელშეწყობა. ეს ხელს შეუწყობს პატარა აზიურ ქვეყნებსაც, თურქმენეთს, ტაჯიკეთს, ყირგიზეთს, რომ თუ ჩვენთან არა, ყაზახეთის ბაზრიდან შეიტანონ, რომელიც, თავის მხრივ, ჩვენგან ყიდულობს მანქანებს“, - ამბობს ჯამაგიძე.

ზემოთ ხსენებულ 3 აზიურ ქვეყანაში გატანილი მანქანებიდან ნახევარზე მეტი, 53% ყაზახეთზე მოდის, სადაც რეექსპორტის მაჩვენებელი წელს თითქმის 270%-ითაა გაზრდილი და 2011 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ამ წლის შემდეგ კი რეექსპორტი იკლებს და ზრდის ტენდენცია მხოლოდ ბოლო წლებში ფიქსირდება.

ეს ფაქტი, ჯამაგიძის თანახმად, ყაზახეთის საბაჟო სივრცეში შესვლას უკავშირდება და ამ სივრცეში შესვლამდე ყაზახები ცდილობდნენ, შეეყვანათ ჩვენგან იმდენი ავტომობილი, რამდენსაც მოასწრებდნენ, რადგან საქართველოს ბაზარზე ასორტიმენტი მრავალფეროვანია. რაც შეეხება ახლანდელ მდგომარეობას, ელგუჯა ჯამაგიძის თქმით, მთავარია, რომ ახლა ჩვენი ბაზარი სხვამ არ ჩაანაცვლოს.

„მოთხოვნის ზრდას გვერდითი ეფექტებიც ახლავს თან. ყაზახეთს შეუძლია საქართველო სატრანზიტოდ გამოიყენონ და არა იმპორტისთვის, თუ რაღაც ხაზის გაყვანას მოახერხებენ და ეცოდინებათ, რომ შედარებით იაფად შეიყვანენ. ეს ჩვენთვის ნაკლებ შემოსავალს ნიშნავს. ამერიკის ბაზარი დიდია და მხოლოდ ჩვენ არ ვყიდულობთ, ეს მათაც შეუძლიათ. თუმცა ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ ზღვა გვესაზღვრება.

ჩვენ ნელ-ნელ განვვითარდით და ავტონაწილების ბაზა შევქმენით, რის გამოც ჩამოყვანილი მეორადი მანქანების გამართვა უფრო მარტივია, მაგრამ რატომ არ შეუძლიათ მათ ამის გაკეთება? ამ ყველაფერს გათვალისწინება სჭირდება“, - ამბობს „რობან მოტორსის“ დამფუძნებელი.

ცნობისთვის, მსუბუქი ავტომობილები ერთ-ერთი მოწინავეა საქართველოს რეექსპორტში და მიმდინარე წელს ამით ქვეყანაში 590 მილიონ დოლარზე მეტის შემოსავალი შემოვიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და მთლიანი რეექსპორტის დაახლოებით 46%-ს შეადგენს.

კახი ჩაკვეტაძე