საქართველოში მინდობით აღზრდაში 1475 ბავშვი იმყოფება, რომელთა დაფინანსებისთვის სექტემბერში 1 020 275 ლარი დაიხარჯა

2022 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში, მინდობით აღზრდაში 1475 ბავშვი იმყოფება, რომელთა დაფინანსებისთვის სექტემბრის თვეში 1 020 275 ლარი დაიხარჯა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, პროგრამის წლიური ბიუჯეტი 13 200 000 ლარს შეადგენს.

"სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის" სახელმწიფო პროგრამის (დანართი №2 - ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამა) ქვეპროგრამებით გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა, ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაცია, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარება, ასევე, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ დებულებათა გათვალისწინებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მიზნით. პროგრამა მოიცავს, როგორც პრევენციულ ისე მხარდაჭერით ქვეპროგრამებს, რომელთა განხორციელებისას გათვალისწინებულია ბავშვის საუკეთესო ინტერესი. სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსების პრევენციის მიზნით, ბიოლოგიური ოჯახების გაძლიერებისა და სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებისათვის ხდება ბავშვთა ჩართვა "სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის" სახელმწიფო პროგრამის შემდეგ ქვეპროგრამებში: კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა; ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა; ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა; დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა; დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა; განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა; მზრუნველობამოკლებული ბავშვების რეინტეგრაციის ქვეპროგრამა. გარდა ამისა, სოციალური მუშაკების რეკომენდაციით, ხდება ბავშვებისა და ოჯახების ჩართვა არასამთავრობო ორგანიზაციების ოჯახის გაძლიერების პროგრამებში, ასევე, ხორციელდება შუამდგომლობის გაწევა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, მუნიციპალურ პროგრამებში ჩართვის მიზნით“, - ნათქვამია სააგენტოსთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.