მედიკამენტებზე ქართულენოვანი ანოტაცია შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისია მუშაობს კანონპროექტზე, რომლითაც წამალზე ანოტაციის ქართულად დატანა სავალდებულო გახდება.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია აქტიურად მუშაობს წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონპროექტზე. დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ შეიცავს მარეგულირებელ ნორმას, რომლითაც შესაძლებელი იქნება ფარმაცევტულ პროდუქტზე წამლის ანოტაცია მომხმარებლისათვის ქართულად იყოს მიწოდებული.

"კანონპროექტის შემუშავება განაპირობა იმ რისკფაქტორებმა, რომელიც მედიკამენტის ქართულენოვანი ანოტაციის გარეშე რეალიზაციას შეიძლება მოჰყვეს. დღეის მდგომარეობით მომხმარებელს არ აქვს შესაძლებობა, სახელმწიფო ენაზე გაეცნოს ფარმაცევტული პროდუქციის ისეთ ძირითად მახასიათებლებს, როგორიცაა სხვა ფარმაცევტულ პროდუქტთან ურთიერთქმედება, მიღების წესი, დოზირება, შენახვის პირობები, გვერდითი მოვლენები და ა.შ.", - აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, კანონპროექტის შემუშავების ვალდებულებას ევროკავშირისა და ევროპარლამენტის დირექტივები ითვალისწინებს, რომელთა მიხედვითაც, წამალს უნდა ერთვოდეს ეროვნულ ენაზე წამლის ანოტაცია. კობახიძემ დასძინა, რომ ამ კვირაში კანონპროექტთან დაკავშირებით საკრებულოში მოხდება კომისიებში მსჯელობა, მომავალი კვირის სამშაბათს კი ფარმაცევტულ მწარმოებელ კომპანიებთან, აფთიაქის ქსელების ხელმძღვანელებთან შეაჯერებენ კანონპრექტს, რის შემდეგაც პარლამენტს გადაეგზავნება განსახილველად.