ლისის ტბის ფერდობზე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დაიწყო

ლისის ტბის ფერდობზე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დაიწყო.

ობიექტი დღეს დაათვალიერეს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძემ.

300-ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი და სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის იქნება გათვალისწინებული. დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ პროექტს უაღრესად აქტუალური უწოდა და აღნიშნა, რომ ის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ხორციელდება. მისივე ინფორმაციით, თბილისის მერია ჩართული იქნება საერთო საცხოვრებლის ყველა აუცილებელი კომუნიკაციით უზრუნველყოფაში. "ყველა ევროპული ტიპის ქალაქი, სადაც უმაღლეს განათლებას და სწავლას ყურადღება ექცევა, ასეთი ცენტრებით არის უზრუნველყოფილი. ამით თბილისი სულ უფრო მეტად ემსგავსება ევროპული ტიპის ქალაქს", - განაცადა დავით ნარმანიამ.

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ილია დარჩიაშვილის ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებული არის ობიექტის სპორტული მოედნებით მოწყობა, ასევე ბიბლიოთეკითა და კაფეტერიით აღჭურვა. ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს შპს "საბა კონსტრაქშენი". როგორც კომპანიის დირექტორმა ლევან თარგამაძემ აღნიშნა, მათ სამშენებლო კომპანიას რამდენიმე მსხვილი ობიექტი აქვს დასრულებული. მისივე ინფორმაციით, ლისის ტბის ფერდობზე სამი ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშედება სტუდენტებისათვის, ასევე ადმინისტრაციული შენობა, სადაც 150 სტუდენტზე ერთდროული მომსახურებისათვის გათვლილი კაფეტერია განთავსდება.

საქართველოს რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მშენებლობას სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დავალებით ახორციელებს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 5 250 777 ლარს შეადგენს. საცხოვრებელ კორპუსში სასტუმროს ტიპის ბინები იქნება, მათ შორის რამდენიმე ბინა შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის იქნება განკუთვნილი. მშენებლობის დასრულება მომავალი წლის თებერვალში იგეგმება. აშენებული კომპლექსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეცემა.