„ჩვენ ნაყოფი გვინდა ისე, რომ ხეზე არ ვიზრუნოთ“ – რა ენერგეტიკული პოტენციალი აქვს საქართველოს

„აზერბაიჯანს ფინანსური შესაძლებლობები, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი აქვს, მაგრამ ჩვენ ამის კომპენსირება უნდა მოვახდინოთ გონებით და ენერგიით. თვითონ პოლიტიკის ენერგიის შექმნით“, - ამის შესახებ ენერგეტიკოსმა, ანალიტიკური ცენტრის “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” (WEG) ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მურმან მარგველაშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ენერგეტიკული პოლიტიკის კუთხით, საქართველო მოისუსტებს, შესაბამისად, სერიოზული ძვრებია საჭირო.

როგორც მურმან მარგველაშვილი მიიჩნევს, ახლა მაქსიმალურად სწრაფად უნდა გამოვიყენოთ ის ტენდენციები, რაც დღეს ხდება და ვიზრუნოთ, ენერგეტიკული შესაძლებლობების განვითარებაზე, როგორც პოლიტიკის, ისე ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. ამასთანავე, ეს საერთაშორისო დახმარება გამოვიყენოთ.

ცნობისთვის, როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტისას გაჟღერდა, ევროპაში საქართველოს გავლით ენერგორესურსების ექსპორტი უნდა გაიზარდოს.

„აზერბაიჯანი უკვე წლების განმავლობაში ეწევა საკმაოდ აქტიურ ენერგეტიკულ პოლიტიკას. მაგალითად, სამხრეთის გაზის დერეფანი, რომელიც ჩვენი გავლით გადის, თავდაპირველი განვითარებაც ჰპოვა იტალიასთან დაკავშირებით, ასევე, ბალკანეთზე განვითარებას ახორციელებს უკვე „სოკარი“. ის, რაც განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, მეტ-ნაკლებად უკვე ცნობილი ფაქტებია. კონკრეტულად ივლისში ევროკავშირთან დადეს შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ 2027 წლიდან 10 მლრდ-ით გაიზრდება გატარება ბუნებრივი გაზის, ჩვენზე გამავალ მილსადენებზე. ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ეს ჩვენთვის დიდი არაფერი სიახლე არ არის. რაც შეეხება მეორე ნაწილს, აზერბაიჯანი არის ნავთობით და გაზით უმდიდრესი ქვეყანა და ის ასევე, ძალიან აქტიურად ავითარებს თავის განახლებად რესურსებს, კასპიის ზღვის აკვატორიაში ფიქრობენ ქარის ელექტროსადგურების აშენებას, ასევე, მზე აქვთ, ბუნებრივია, და უნდათ, რომ ამ განახლებადი ენერგეტიკით (რომელიც 21-ე საუკუნის ენერგეტიკის მთავარი მიმართულებაა), ვაჭრობაც განახორციელონ.

აქ, ბუნებრივია, საქართველოს გვერდს ვერ აუვლიან, ჩვენი გავლით უნდა მოხდეს. ამ თვალსაზრისით, უკვე მიმდინარეობს (არა მარტო აზერბაიჯანის, ეს ჩვენი ინიციატივით იყო თავიდან), შავი ზღვის ფსკერზე ევროკავშირთან, რუმინეთთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის შესწავლა. თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ შესწავლის დონეზეა და სავარაუდოდ, ამაზე იყო მინიშნება აზერბაიჯანის პრეზდენტის საუბარში.

ეს კიდევ დაზუსტებას მოითხოვს, რა მოცულობების იქნება, თვითონ რამდენს გამოიყენებენ განახლებად ენერგიას, რამდენად ჩაითვლება განახლებადად თუ თვითონ გაზის წვით მოიხმარენ ელექტრობას და სხვას მიაწოდებენ ამას... ეს დასაზუსტებელი საკითხებია. აქ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ფონზე ჩვენი ქვეყანა საკმაოდ სუსტად გამოიყურება. იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ვავითარებთ. ისე გამოდის, რომ აზერბაიჯანის აქტიური ენერგეტიკული პოლიტიკის ფონზე, ჩვენ ნელ-ნელა თითქოს დანამატი ვხდებით. ჯერ ერთი, თვითკმარობას ვერ მივაღწიეთ, ვართ დამოკიდებული იმპორტზე და ექსპორტზე რომ ვისაუბროთ, ჯერ თვითონ არ გვყოფნის ჩვენი ელექტროენერგიის მოხმარება. თუმცა, სეზონურ ჭრილში, გარკვეულ პერიოდებში, კი გვაქვს ზედმეტობა.

მეორე, გაზის საცავი ვერ განვავითარეთ, ნავთობის გადამამუშავებელი არ გვაქვს... გვჭირდება ძალიან სერიოზული ძვრა ენერგეტიკის პოლიტიკაში. უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ თანამედროვე ენერგეტიკა გახდა განახლებადი ენერგეტიკის მიმართულება. წყალბადის ტექნოლოგია ხდება მთავარი გადამტანი ამ განახლებადი ენერგიის წყაროების, ერთ-ერთი მთავარი მატარებელი და აქ რაღაც გზები უნდა მოვიფიქროთ. მათ შორის, ჩვენი პორტები გამოვიყენოთ უფრო ეფექტურად და უპირველესად განვავითაროთ ჩვენი ენერგეტიკული პოტენციალი, რაც გვაქვს, ჰიდროენერგეტიკა იქნება, ქარი, თუ მზე, რომელიც ძალიან ჩამორჩენილია ჩვენს მოხმარებას.

აზერბაიჯანს ფინანსური შესაძლებლობები, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი აქვს, მაგრამ ჩვენ ამის კომპენსირება უნდა მოვახდინოთ გონებით და ენერგიით. თვითონ პოლიტიკის ენერეგიის შექმნით. ამ მხრივაც, სამწუხაროდ, მოვისუსტებთ. ანალიტიკური ცენტრები, კავშირი ეკონომიკის, პოლიტიკის, ამ მიმართულებით ფიქრი, ენერგეტიკის სპეციალისტებს შორის, რომლებიც იფიქრებენ ქვეყანას რა სჭირდება და როგორ განვავითაროთ, აქაც ძალიან ჩამორჩენილები ვართ.

ხშირად არის ხოლმე, და ეს არამარტო ენერგეტიკაში, რომ ჩვენ გვინდა ნაყოფი ისე, რომ ხეზე არ ვიზრუნოთ. ამ ხეებზე ზრუნვას კი დრო სჭირდება. ახლა მაქსიმალურად სწრაფად უნდა გამოვიყენოთ ის ტენდენციები, რაც დღეს ხდება და ამ ფონზე უნდა ვიზრუნოთ, თვითონ ენერგეტიკული შესაძლებლობების განვითარებაზე, როგორც პოლიტიკის, ისე ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით და ასევე, გამოვიყენოთ ეს საერთაშორისო დახმარება“,- განაცხადა მურმან მარგველაშვილმა.

ნინი ქეთელაური