რუსული ხორბლის საექსპორტო ფასები გასული წლის დონემდე დაეცა

რუსული ხორბლის საექსპორტო ფასები გასული წლის დონემდე დაეცა, მაშინ, როცა იმპორტიორი ქვეყნების მხრიდან მოთხოვნა იზრდება. „აგროინვესტორის“ შეფასებით, სირთულეებს პორტებში ამინდის ვითარებაც ქმნის, რაც მარცვლეულის გადაზიდვის ტემპზე აისახება.

მე-4 კლასის 12,5%-იანი ცილის შემცველ ხორბალზე ფასი, რუბლის გამყარებისა და საექსპორტო ფასების ვარდნის გავლენით, მიმდინარე კვირის შუა რიცხვებისთვის შემცირდა და ღრმაწყლოვან პორტებში ტონაზე დღგ-ს გარეშე 14,5-14,7 ათას რუბლი (235-237 დოლარი) შეადგინა. ეს წინა კვირასთან შედარებით 500 რუბლით (8 დოლარით) ნაკლებია. გასულ წელს საშუალო ფასი ტონაზე 16,1 ათასი რუბლი (260 დოლარი) იყო. დაბალი წყალზე შესყიდვის ფასი 13,2 ათას რუბლამდე (214 დოლარამდე) შემცირდა, რაც, წინა კვირასთან შედარებით, ტონაზე დღგ-ს გარეშე 950 რუბლით (15 დოლარით) ნაკლებია.

აგრარული ბაზრის კვლევების ინსტიტუტის (IKAR) გენერალურმა დირექტორმა, დიმიტრი რილკომ „აგროინვესტორს“ განუცხადა, რომ გასულ წელს საექსპორტო ფასი ტონაზე, დაახლოებით, 309 დოლარს შეადგენდა. მან დააზუსტა, რომ ამჟამად ფასების ორი დონე შეინიშნება: ზოგიერთი კომპანია ლიკვიდურობის ძიებაში ხორბალს მეტად იაფად ყიდის, ზოგი კი ფასს აჩერებს.

ანალიტიკოსებმა ხორბლის ექსპორტის პროგნოზი, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნების ჩათვლით, ოქტომბერში 4.3 მილიონი ტონამდე შეინარჩუნეს, რაც ერთი წლის წინ 3.3 მილიონი ტონას შეადგენდა. „რუსაგროტრანსის“ გათვლებით, ოქტომბრის 20 დღის განმავლობაში, დაახლოებით, 3,2 მლნ ტონა ხორბალი გავიდა ექსპორტზე, თუმცა ბოლო დღეებში შავი და აზოვის ზღვების პორტებში დატვირთვა ძლიერი ქარის გამო გართულდა და მომავალშიც შეფერხდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ