ზელენსკი „ფინანსური რამშტეინის“ შექმნის იდეით გამოდის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლელ პარტნიორებს ქვეყნის მხარდასაჭერად „ფინანსური რამშტეინის“ შექმნისკენ მოუწოდებს, რაც აშშ-ის მიერ ინიცირებული იარაღის მიწოდების ფორმატის ანალოგი უნდა იყოს.

ამის შესახებ პრეზიდენტმა ბერლინში, უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის საერთაშორისო ექსპერტთა კონფერენციის გახსნის დროს განაცხადა, რასაც „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.

ზელენსკის თქმით, უკრაინის უსაფრთხოებისთვის ოთხი კომპონენტი არსებობს: უსაფრთხოება მიწაზე, რაც სტაბილურ სამხედრო მხარდაჭერას მოითხოვს; უსაფრთხოება ცაში, რისთვისაც საჰაერო თავდაცვის გაზრდა არის საჭირო; ფინანსური უსაფრთხოება გადაუდებელი საჭიროების საშუალებებითა და ინსტიტუციური შესაძლებლობები, რომ უკრაინამ ყველა თავისი პროგრამა, მათ შორის აღდგენის პროგრამა განახორციელოს.

მან მადლობა გადაუხადა ყველა ქვეყანას უკვე გაწეული მხარდაჭერისთვის, თუმცა აღნიშნა, რომ ეს უფრო სისტემატური უნდა იყოს და ყურადღება არა მხოლოდ მეოთხე, არამედ მესამე კომპონენეტზეც უნდა გამახვილდეს, რომ უკრაინის აღდგენის სამუშაოები რეალური დაფინანსებით შეივსოს. პრეზიდენტის შეფასებით, დღეს უკვე შესაძლებელია თავდაცვის „რამშტეინის“ ანალოგით „ფინანსური რამშტეინის“ დაარსება საერთო სტაბილურობის მხარდასაჭერად.

„ჩვენ გვჭირდება ყველა ძალისხმევის გამაერთიანებელი ფინანსური საკოორდინაციო პლატფორმა, რომელიც მიმართული იქნება საომარი მოქმედებების შემდეგ უკრაინის აღდგენაზე. ჩვენ გვჭირდება კონსოლიდაცია, რესურსების მკაფიო და დროული გადანაწილება,“ - აცხადებს ზელენსკი.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ „ფინანსური რამშტეინი“ ლუგანოს კონფერენციაზე დასახული იდეის გაგრძელება უნდა იყოს.

მისი თქმით, ქვეყანას ხვალ და მომავალ წელს კი არა, დღესვე სჭირდება სახსრები მთავრობის მიერ შემუშავებული სწრაფი აღდგენის გეგმისთვის (Fast Recovery Plan), რაც 17 მლრდ დოლარს ითვალისწინებს. Fast Recovery Plan საავადმყოფოების, სკოლების, სასიცოცხლო ტრანსპორტისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას გულისხმობს. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, არსებობს გადაუდებელი საჭიროება საცხოვრებელი სახლების აღსადგენად ქალაქებში, რომლებსაც რუსული ტანკები და არტილერია მეთოდურად ანადგურებდნენ. ზელენსკი შენიშნავს, რომ უკრაინულ მხარეს Fast Recovery-სთვის, ანუ 17 მლრდ დოლარიდან ჯერ არცერთი ცენტი არ მიუღია.

ზელენსკიმ პარტნიორებს შეახსენა, რომ მისი მთავრობის მიერ შემუშავებული აღდგენის ფონდის კონცეფციის თანახმად, სამეთვალყურეო საბჭოს 75% დონორი ქვეყნების წარმომადგენლები იქნებიან. პრეზიდენტი ბერლინის მიმდინარე კონფერენციიდანვე მოელის იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უკრაინას 2023 წლის ბიუჯეტის კოლოსალური დეფიციტის, 38 მლრდ დოლარის დაფარვაში დაეხმარება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ