თბილისის მერია - ნაძალადევის რაიონში გრუნტის დამჭერი კედლების მშენებლობა გრძელდება

ნაძალადევის რაიონში, დიდი ჯიხაიშის მე-2 შესახვევში, N35-ის მიმდებარედ საყრდენი კედლის მშენებლობა ბოლო ეტაპზეა. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში, 41-მეტრიანი კედელი შენდება. ასევე, მოეწყობა დამცავი ღობე.

სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო.

„აღნიშნული ტერიტორია საფრთხის შემცველი იყო. იშლებოდა მიწა, რის გამოც საჭირო გახდა გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობის დაწყება. ამ პროექტით თავიდან ავიცილეთ მდგომარეობის გამწვავება და მიწის ჩამოშლის საშიშროება აღარ დგას. ადგილობრივი მოსახლეობაც დაცულია“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტში 224 000 ლარია გათვალისწინებული.