გიორგი ხანიშვილი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფებოდა

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია, ისრაელში საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენლობასთან ერთად, პირველ საერთაშორისო სამიტს თემაზე - საკვები ზღვიდან და უდაბნოდან - „ზღვა და მომავალი“ დაესწრო. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო უდაბნოსა და ზღვაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით საკვების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები, სამომავლო ხედვები, არსებული მიღწევები, ისრაელის სახელმწიფოს გამოცდილება და ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ღონისძიებაზე განიხილეს გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებული გამოწვევები და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა.

ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი ხანიშვილს ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრმა, ოდედ ფორერმა უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.

ყურადღება ასევე გამახვილდა დარგობრივი ცოდნის გაზიარებისა და პროფესიონალთა გადამზადების მიმართულებებზე. ოფიციალურ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობას.