"საქპატენტში" ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

"საქპატენტში" ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.

საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა მცხეთაში, "საქპატენტში" შედგა.  როგორც ჟურნალისტებს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, "საქპატენტის" თავმჯდომარემ, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგლიძემ განუცხადა, საკოორდინაციო საბჭოს შექმნა განაპირობა იმან, რომ სახელმწიფომ უკეთ შეძლოს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში უფლებების დაცვა და ის როლი, რაც სახელმწიფოს გააჩნია ამ კუთხით, განახორციელოს მაქსიმალურად ეფექტურად. "ეს საბჭო შედგება ყველა იმ უწყებისგან, რომელიც პასუხისმგებლები არიან ქყვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვაზე. აღნიშნული ფორმატი იძლევა საშუალებას, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა იმოქმედონ შეთანხმებულად და განსაზღვრონ ის პრიორიტეტული საკითხები, სადაც ყველაზე მეტად მწვავედ დგას ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევა და ამ პრობლემებზე მოხდეს სწრაფი რეაგირება, - განაცხადა გოგილიძემ.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით კი, ძალიან მნიშვნელოვანია ამ საბჭოს შექმნა, რადგან ამ მიმართულებით კიდევ ბევრი რეფორმის განხორციელება იგეგმება."ბევრი რეფორმა გავატარეთ, რათა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა მოხდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. საქართველო ძალიან აქტიურად არის ჩართული ყველა საერთაშორისო ფორუმში, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს მსოფლიოში. ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა შეადგენს ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტს. ბევრი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა. ასევე იგეგმება კიდევ ცვლილებების განხორციელება, რათა კიდევ უფრო ახლოს ვიყოთ საერთაშორისო სტანდარტებთან, - განაცხადა ჯანელიძემ.

აღსანიშნავია, რომ სხვა საკითხებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე ინტერნეტ სივრცეში საავტორო უფლებების დარღვევების აღმოფხვრის შესახებაც ისაუბრეს. დაიგეგმა ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ასევე, მომავალ თვეში, საკოორდინაციო საბჭოს მომდევნო სხდომაზე ინტერნეტსივრცეში საავტორო უფლებების აღმოსაფხვრელად ვიდეოკონფერენცია გაიმართება ამერიკელ სპეციალისტებთან. დღევანდელ სხდომაზე საბჭომ შეიმუშავა ერთიან სტრატეგიაც, განსაზღვრა პრიორიტეტული მიმართულებები და გამოვლენილი კონკრეტული პრობლემების მოსაგვარებლად დასახა სამოქმედო გეგმა. უფლებათა დაცვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ ასევე შეიმუშავა შესაბამისი საკანონმდებლო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები, წარადგინა რეკომენდაციები სხვადასხვა უწყებებისა და ორგანიზაციებისთვის ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქპატენტის თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, ასევე შემოსავლების სამსახურის, საქართველოს მთავარი პროკურატურის, ფინანსთა სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. საბჭოს მუშაობაში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობენ აშშ-ს საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები.