„ქონებით არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე მოთხოვნა შემცირდა“ - ალექსანდრე ძნელაძე

„ქონებით არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე მოთხოვნა შემცირდა“ - ამის შესახებ პალიტრანიუსის „ბიზნეს პალიტრას“ ეთერში ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ქონებით არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების აღების ვადა 4 წლიდან 3 წლამდე შემცირდა. როგორც ძნელაძე აცხადებს, რეგულაციამდე მოსალოდნელი იყო, რომ წელს სამომხმარებლო სესხები 20%-ით გაიზრდებოდა, თუმცა ამ ეტაპზე ეს პროგნოზი 15%-მდე შემცირდა.

„სექტემბერში ქონებით არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხებზე მოთხოვნა წინა თვეებთან შედარებით უკვე შემცირებულია. ამ ყველაფერს ორი მიზეზი განაპირობებს. ერთი ის, რომ აგვისტოში იყო საკმაოდ მაღალი ზრდა დაკრედიტების, მეორე კი ეროვნული ბანკის რეგულაცია. საერთო მაჩვენებლებში წლევანდელი წლის ტენდეცია სტაბილურად ნარჩუნდება. ამ თვალსაზრისით ჯერ მაინც ვერ ვხედავთ, რომ გარდამტეხი პროცესი დაიწყო სამომხმარებლოს სესხების შემცირების მიმართულებით, მაგრამ ეროვნული ბანკის მხრიდან განხორციელებული ცვლილებების გამო, რომელიც ეხება ქონებით არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებს, ვფიქრობთ, რომ წელს სამომხმარებლო სესხების ზრდა 15%-ის ფარგლებში იქნება. რეგულაციამდე ჩვენი პროგნოზი ამ მიმართულებით 20%-ს აღემატებოდა“, - აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.

ნოდარ სირბილაძე