ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თებერვალში ფულადი გზავნილების მოცულობა 21.7 %-ით შემცირდა

2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2015 წლის თებერვალში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 21.7 %-ით შემცირდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2015 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 82.0 მლნ აშშ დოლარი, ანუ 171.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2014 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, 22.7 მლნ აშშ დოლარით (47.4 მლნ ლარით), ანუ 21.7 %-ით ნაკლებია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.6% იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 92.9 % მოდიოდა.

იმ ქვეყნების ხუთეული, საიდანაც საქართველოში 2015 წლის თებერვალში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ასეთია: რუსეთი (28.2 მლნ აშშ დოლარი), საბერძნეთი (13.7 მლნ აშშ დოლარი), იტალია (9.0 მლნ აშშ დოლარი), აშშ (7.2 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (5.8 მლნ აშშ დოლარი).

სებ-ის ცნობით, 2015 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 14.6 მლნ აშშ დოლარი (30.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 12.6 მლნ აშშ დოლარისა (22.1 მლნ ლარისა) გასული წლის თებერვალში.